ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობა აღკვეთეს

მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობა აღკვეთეს.

სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 17 აპრილს საბაჟო გამშვები პუნქტის "ვალეს" ტერიტორიაზე თურქეთის მხრიდან შემოვიდა თურქეთის მოქალაქე ი.ბ. რომლის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერებისას მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერების, კოდეინის, შემცველი მედიკამენტი APRAMAX PLUS (10 აბი) აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით შსს სამცხე-ჯავახეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას გადაეცა. როგორც სამსახურში აცხადებენ, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი აღმოჩნდა 20 აპრილს, "წითელი ხიდის" ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქე ს.ბ.-ის ხელბარგში. ეჭვის საფუძველზე, დათვალიერების შედეგად, მის ხელჩანთაში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 10 აბი მედიკამენტი "პენტალგინი" აღმოაჩინეს.

სამსახურის განმარტებით, აღნიშნული მედიკამენტი ნარკოტიკულ ნივთიერება კოდეინს და ფსიქოტროპულ ნივთიერება ფენობერბიტალს შეიცავს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.