აგროპორტალ EastFruit-ის შეფასებით, თურქეთს, რომელიც მსოფლიოში თხილის წამყვანი მწარმოებელია, სერიოზული პრობლემები შეექმნა, რადგან ევროკავშირის ბევრი მყიდველი უკვე ალტერნატიულ მიმწოდებლებს, მათ შორის საქართველოს ანიჭებს უპირატესობას.
Mundus-Agri-ს მასალებზე დაყრდნობით, პორტალი წერს, რომ თხილის გლობალურ ბაზარზე კონკურენცია მძაფრდება და მსხვილი მიმწოდებლების რაოდენობა იზრდება, რის გამოც თურქი მწარმოებლები საერთაშორისო ვაჭრობაში ქვეყნის პოზიციის შესანარჩუნებლად ახალი სტრატეგიის, ანუ გრძელვადიანი დაგეგმარების საჭიროებაზე საუბრობენ.
თხილისა და ჩირის საერთაშორისო საბჭოს (INC) მონაცემებით, 2022/2023 წლების სეზონის დასასრულს მსოფლიოში ნაჭუჭიანი თხილის 230 900 ტონა მოცულობის მარაგში თურქეთის წილმა შესაძლოა, 215 000 ტონა, ანუ 93% შეადგინოს. EastFruit-ის შეფასებით, თურქეთი ერთადერთი მსხვილი მოთამაშეა, რომელმაც ბაზარზე აბსოლუტური ლიდერობის მიუხედად, ამ სეზონზე თავისი პროდუქციის მნიშვნელოვანი მოცულობის გაყიდვა ვერ შეძლო.
მიმწოდებლები ხაზს უსვამენ, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში თურქეთმა პოზიციები მნიშვნელოვნად დაკარგა. მართალია, 2023/2024 წლების პროგნოზირებულ 1,825 მილიონ ტონა მსოფლიო მოსავალში თურქეთიდან 810,000 ტონა თხილს მოელიან, რაც გლობალური წარმოების 63%-ია, მაგრამ სხვა მწარმოებელი ქვეყნები მას ეწევიან.
კერძოდ, თუ ათი წლის წინ სხვა ქვეყნები 200 000 ტონაზე ნაკლებ თხილს აწარმოებდნენ, ამჟამად მათ წარმოება 450 000 ტონამდე გაზარდეს. კერძოდ, საქართველოსა და აზერბაიჯანში ფასები კგ-ზე 1.00 დოლარზე ნაკლებია, რაც ევროპის ბევრ მყიდველს იზიდავს. ამასთან, კონკურენტუნარიან ალტერნატივად ამერიკული თხილიც ყალიბდება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ