3 კვირაში ლარი 10 თეთრით გაუფასურდა - რა ღირს დოლარი და ევრო ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში

აპრილ-მაისში რამდენიმედღიანი გამყარების შემდეგ ლარი კვლავ უფასურდება. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.6400 ლარად ივაჭრება. ეროვნული ბანკის მიერ 1-ლი ივნისის დადგენილი კურსით კი, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.6396 ლარია.

შეგახსენებთ, რომ აპრილის მიწურულს და მაისის დასაწყისში რამდენიმე დღით ლარმა ფსიქოლოგიური ნიშნული გადალახა და 2.50-იან ნიშნულსაც კი ჩამოსცდა, იმ პერიოდში 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.48-2.49 ლარი ღირდა. დაახლოებით, მაისის შუა რიცხვებიდან კი ეროვნული ვალუტა კვლავ უფასურდება. მხოლოდ 1 დღეში ლარი 4 თეთრით, 16 მაისიდან დღემდე კი უკვე 10 თეთრით გაუფასურდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა ღირს ამ დროისთვის ევრო და აშშ დოლარი კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში. კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარის შეძენა მოქალაქეებს 2.65-2.69 ლარის ფარგლებში შეუძლიათ, ხოლო მის გაყიდვას - 2.57-2.63 ლარის ფარგლებში შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მოქალაქეები 1 ევროს 2.75-დან 2.83 ლარად გაყიდიან, ხოლო ყიდვას 2.85-2.91 ლარის ფარგლებში შეძლებენ.

სავალუტო ჯიხურებს რაც შეეხება, კურსი აქ ცოტა განსხვავებულია. კერძოდ, 1 აშშ დოლარის შეძენას მოქალაქეები შეძლებენ 2.65-2.67 ლარის ფარგლებში, მისი გაყიდვა კი 2.63-2.64 ლარის ფარგლებში შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, მოქალაქეები სავალუტო ჯიხურებში 1 ევროს ყიდვას 2.84-დან 2.86 ლარამდე შეძლებენ, ხოლო მისი გაყიდვა 2.82-2.84 ლარის ფარგლებში შეუძლიათ.

იხილეთ ასევე: რატომ გაუფასურდა ლარი - ,,TBC კაპიტალი"

თაია არდოტელი