რისი მშენებლობა იგეგმება საოკუპაციო ხაზთან

რუხში სავაჭრო ცენტრი შემოდგომით გაიხსნება

"საპარტნიორო ფონდი" მაისში რუხის მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის პროექტის განხორციელებას იწყებს. ფონდი რამდენიმე კვირაში დაასრულებს სავაჭრო ცენტრის არქიტექტურული მშენებლობის დეტალური პროექტირების სამუშაოებს, რის შემდეგაც სამშენებლო კომპანიის შერჩევის პროცესი დაიწყება.

პროექტის მიხედვით, სავაჭრო ცენტრი მრავალფუნქციური იქნება, სადაც სავაჭრო ფართების გარდა, სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიმღები პუნქტი, მცირე სამაცივრე დანადგარები და სხვა სახის ობიექტებიც განთავსდება. აქვე იქნება ფოსტა, აფთიაქი, ბანკი და ვეტერინარული კლინიკა.

მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში აშენდება. პროექტის ავტორთა განცხადებით, ცენტრის მშენებლობა 2015 წლის შემოდგომაზე უნდა დასრულდეს. როგორც "საპარტნიორო ფონდის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტეს, შენობის მაკეტის პროექტირებაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და მაისის შუა რიცხვებში დასრულდება.

ადგილობრივებს იმედი აქვთ, რომ სავაჭრო ცენტრის გახსნით მოსავლის რეალიზაციის პრობლემა ნაწილობრივ მაინც მოგვარდება."ეს ეხება რძის ნაწარმს, ხილს, ბოსტნეულს. ძალიან დიდი შეღავათი იქნება გალის მოსახლეობისთვისაც, რომლებიც აკრძალვის მიუხედავად მაინც გადმოდიან ზუგდიდის ბაზარში და ყველს, თაფლს, შინაურ ფრინველსა და ხილ-ბოსტნეულს აბარებენ. ახლა მათ უფრო ნაკლები მანძილის გავლა მოუწევთ. მით უფრო, აქ საჭირო ნივთების შეძენასაც შეძლებენ. ყველასთვის ძალიან სასიხარულო ინფრომაციაა და იმედია, დაპირებად არ დარჩება", - ამბობს ჩვენთან საუბარში ზუგდიდელი მანანა თოდუა.

გასულ წელს ასევე გავრცელდა ინფორმაცია "ერგნეთის ბაზრობის" გახსნის შესახებაც. როგორც მაშინ ითქვა, რომ მთავრობა მუშაობდა პროექტზე, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებული ტერიტორიების მომიჯნავე რეგიონებში - სამეგრელოსა და შიდა ქართლში - თავისუფალი ეკონომიკური ზონები უნდა შექმნილიყო. საუბარი იყო, ერგნეთის ბაზრობის მსგავს ცენტრებზე. ისიც ითქვა, რომ დეტალებზე საპარტნიორო ფონდი მუშაობდა და ბაზრობის გახსნა დეკემბრის ბოლოსთვის უნდა მომხდარიყო. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ დავუკავშირდით ეკონომიკის სამინისტროს, რომელმაც საპარტნიორო ფონდთან გადაგვამისამართა. როგორც საპარტნიორო ფონდში გვითხრეს, ერგნეთის თემაზე მუშაობა არ მიმდინარეობს. როგორც ირკვევა, ერგნეთის საკითხი ჩაიშალა. თუმცა, ვრცედლება ინფორმაცია, რომ სოფელ ერგნეთის მახლობლად, საოკუპაციო ხაზთან "კულა" აშენებს საკონსერვო ქარხანას, რისთვისაც კომპანიამ დაფინანსება პროექტის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მიიღო.

ლალი პაპასკირი