აზარტული თამაშების ქართული ისტორია

საბჭოთა რესპუბლიკებს შორის პირველი სამორინე თბილისში გაიხსნა

რამდენიმე კვირის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სააღდგომო ეპისტოლეში სათამაშო ბიზნესს "საშიში და სერიოზული პრობლემა" უწოდა და აღნიშნა, რომ ფიქრობს, ხელისუფლებამ თავისი სიტყვა უნდა თქვას ამ მიმართულებით. თავის მხრივ, ილია მეორეს განცხადებას აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები გამოეხმაურნენ. მთავრობის წევრებმა უწმინდესის ეპისტოლე მნიშვნელოვნად შეაფასეს და მას გასათვალისწინებელი უწოდეს. თუმცა, ვიდრე ხელისუფლება სათამაშო ბიზნესის რეგულაციების უფრო მეტად დახვეწაზე მუშაობას დაიწყებს, აზარტული თამაშების ქართულ ისტორიას და ამ ბიზნესში არსებულ მოქმედ რეგულაციებს გავეცნოთ.

აზარტული თამაშების ისტორია ოფიციალურად 1520 წლიდან იწყება და საფრანგეთში მეფე ფრანცისკ I-ის ბრძანებით დაკანონდა. პირველი კაზინოები პარიზში 1765 წელს გაიხსნა. იმ დროისთვის, აზარტული თამაშების სახლები გართობასთან ერთად, უამრავი უკანონო საქმიანობის, მათ შორის "შავი ფულის გათეთრების" ყველაზე კარგი საშუალება იყო. კაზინო კი არსებითად, სათამაშოდ შექმნილ ბარს წარმოადგენდა - მხოლოდ "რულეტკასა" და მაგიდის თამაშებს სთავაზობდნენ სტუმრებს, მოგვიანებით სლოტ-ავტომატები დაამატეს.

როგორც ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, აზარტულ თამაშებს საქართველოში არცთუ ისე მცირე ხნის ისტორია აქვს. ცნობილია, რომ აზარტული თამაშებით გატაცებული იყო აკაკი წერეთელი. სხვადასხვა წყაროების მიხედვით, მე-19 საუკუნის საქართველოში გარკვეული ტიპის სათამაშო დაწესებულება არსებობდა, რომელსაც ხშირად სტუმრობდნენ ქართული ელიტის წარმომადგენლები. საბჭოთა კავშირის დროს კი, მასში შემავალ ქვეყნებში აზარტული თამაშები აიკრძალა და მხოლოდ ლატარეა იყო დაშვებული. ბუნებრივია, ეს აკძალვა საქართველოსაც შეეხო.

1920-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა რესპუბლიკებს შორის პირველი სამორინე თბილისში გაიხსნა. ცნობილია, რომ იმ დროს სამორინეს ორგანიზებისთვის საჭირო გადასახადები საკმაოდ მაღალი იყო. დაბეგვრის სისტემა არ იყო ყველაზე ეფექტური, რადგან ითვალისწინებდა პროცენტს მოგებიდან, რაც საკმაოდ რთული გასაკონტროლებელია სამორინეს შემთხვევაში. საქართველო ასევე პირველი რესპუბლიკა იყო, რომელმაც დააწესა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არალეგალური აზარტული თამაშების ორგანიზებისთვის, და ეს მაშინ, როცა აზარტული თამაშები მთელ საბჭოთა კავშირში იყო აკრძალული.  1989 წელს პირველი სამორინე გაიხსნა ბათუმში, ფეშენებელურ ღამის კლუბ „"ინტერკლუბში".

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მოყოლებული, სათამაშო ბიზნესის განვითარება ძალიან მაღალი ტემპებით დაიწყო. 1997 წელს კი საქართველომ დააწესა გადასახადი, რომელიც დაფუძნებული იყო სათამაშო მოწყობილობების რაოდენობაზე, რაც ამ ბიზნესის დაბეგვრის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. არაეფექტური რეგულირების პირობებში სათამაშო ბიზნესი შეიძლება მძიმე სოციალური პრობლემების გამომწვევი გახდეს, მაგრამ დაბალანსირებული მიდგომის შემთხვევაში, სოციალური რისკები მინიმალურია. 2000 წელს საქართველოში მომზადდა კანონპროექტი, რომელიც მთლიანად კრძალავდა სათამაშო ბიზნესს. მთავარ მოტივებად დასახელდა ეფექტური კონტროლის არარსებობა და ქვეყანაში მომუშავე ოპერატორების შესაბამისი საკანონმდებლო რეგულირების არარსებობა. ამკრძალავი ღონისძიებების იდეა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა უმრავლესობით მიიღეს, მაგრამ 2001 წლის ბიუჯეტი ვერ შესრულდა სათამაშო ბიზნესიდან შემოსული გადასახადების გარეშე და საბოლოოდ აკრძალვა აღარ დამტკიცდა.

2005 წელს საქართველომ - კვლავ რეგიონში პირველმა - მიიღო დეტალური კანონი, რომელიც დღემდე მოქმედებს. წესები შეიცავს სალიცენზიო მოსაკრებლებს, გადასახადს სათამაშო მოწყობილობებზე, ასაკობრივ შეზღუდვებს, სათამაშო ბიზნესის ობიექტების ორგანიზებისა და განთავსების წესებს, ფინანსურ რეგლამენტებს - ყველაფერს, რაც საჭიროა ოპერატორების სრულფასოვანი კონტროლისათვის და რაც წამოადგენს ნორმას ევროპული კანონმდებლობისთვის.

bpnყველა სახის აზარტულ და მომგებიან თამაშს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ტარდება, "ლიცენზიებისა და ნებართვის შესახებ" კანონის შესაბამისად, სჭირდება ნებართვა. უნებართვოდ თამაშის გამართვა ან სანებართვო პირობების შეუსრულებლობა ითვალისწინებს ადმინისტრაციულ ჯარიმას. აღსანიშნავია, რომ თბილისში გასართობი დაწესებულებები ნებართვის ასაღებად ხუთ მილიონ ლარს უხდიან სახელმწიფოს.

რა არის აუცილებელი სამორინეს გასახსნელად? - კანონმდებლობა მოითხოვს, რომ სამორინეში დამონტაჟებული იყოს და ფუნქციონირებდეს არანაკლებ შვიდი სათამაშო მაგიდა, ამათგან ერთი უნდა იყოს სათამაშო ბორბალი, იგივე რულეტი. თითოეულ სათამაშო მაგიდაზე სამორინე კვარტალურად იხდის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს 15 000 ლარიდან 30 000 ლარის ჩათვლით. სათამაშო აპარატებისთვის ეს თანხა განისაზღვრება 1 500 ლარიდან 3 000 ლარის ჩათვლით. კონკრეტულად, ელექტრო რულეტზე, რომელთანაც კრუპიე არ დგას, მოსაკრებელი არის 3000 ლარი. თითოეულ სათამაშო აპარატში პროგრამულად უზრუნველყოფილია, რომ გასცეს მოგების 75%. დანარჩენი 25% აზარტული დაწესებულების შემოსავალია.

სათამაშო აპარატებზე სხვადასხვა ფსონი არის დაწესებული და მოთამაშეს ერთი ლარიდანაც შეუძლია დაიწყოს თამაში. გარდა ამისა, სათამაშო აპარატს გააჩნია მრიცხველი, სადაც ფიქსირდება თუ რამდენი მოგება გასცა აპარატმა ან რამდენი თანხა წააგო მოთამაშემ. შესაბამისად, სხვაობა გაცემულ თანხასა და მოგებულ თანხას შორის არის მაჩვენებელი, რაც სალონს მოგების სახით დარჩა. ამ თანხიდან მეპატრონე იხდის მოგების გადასახადს, იმის პროპორციულად თუ რა ღირს ქულა კონკრეტულ აპარატზე. მაგრამ არაკეთილსინდისიერმა მეპატრონემ შეიძლება გაანულოს აპარატი, ანუ მრიცხველის მონაცემები წაშალოს, რაც გადასახადების დამალვის ერთ-ერთი გზაა. რაც შეეხება მოგების გაცემის წესს, აზარტული თამაშების დაწესებულება 100%-ით უნაღდებს ფიზიკურ პირს მოგებულ ფსონებს და საგადასახადო ორგანოსთან, 2010 წლის 1 აპრილიდან შემოსავლების სამსახურთან, თვითონ არკვევს ურთიერთობას.

რეგულაციების მიუხედავად, საქართველოში, განსაკუთრებით, თბილისში ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა სამორინეების, სლოტ-კლუბებისა და ტოტალიზატორების რიცხვი. ამაზე მიუთითებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ ჩატარებული კვლევაც აზარტული თამაშების ბაზრის შესახებ საქართველოში. კვლევის მიხედვით, აზარტული თამაშების ბიზნესის მნიშვნელოვანი ზრდა დაიწყო 2011 წლიდან, როდესაც ამ სექტორის ბრუნვამ 3.2- ჯერ გადააჭარბა წინა წლის ბრუნვას, ხოლო მიღებულმა მოგებამ 54-ჯერ გადააჭარბა წინა წლის მაჩვენებელს.

2012-2013 წლებში აზარტული თამაშების სექტორში კიდევ უფრო მასობრივი ზრდა დაფიქსირდა და წლიურმა ბრუნვამ 1.2 მილიარდ ლარს მიაღწია, ხოლო სათამაშო ბიზნესისა და ნებართვის მოსაკრებელმა 105.2 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, რაც 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 1.4%-ია. რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, 2013 წელს ამ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 5 046 იყო, რაც ქვეყანაში დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 0.3% შეადგენს.

ამავე კვლევიდან ირკვევა, რომ 2014 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოში 213 სხვადასხვა ტიპის აზარტული თამაშების ნებართვა იყო მოქმედი, მათგან ყველაზე მეტი - 93 ტოტალიზატორის, 55 სათამაშო აპარატების სალონის. არსებული მონაცემებით, ბაზარზე არის 94 მოქმედი საწარმო. აქედან 32 მსხვილი საწარმოა. ამ ტიპის ბიზნესი ყველაზე ფართოდაა გავრცელებული თბილისში, რომელსაც მოსდევს ბათუმი და ქუთაისი.

რაც შეეხება საშეღავათო ზონებს, მთვრობის [N463–ე] დადგენილებით, 2014 წლის 4 აგვისტოს სამორინეებიის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთებისა და შეღავათების დადგენის წესში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც სამორინეს მოწყობაზე მოსაკრებლის წლიურ განაკვეთზე დაწესებული შეღავათი კახეთის რეგიონში, სოფელ კაჭრეთის ტერიტორიაზე გავრცელდა. კაჭრეთის გარდა, გამონაკლისია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორია. ბათუმში, დუშეთის რაიონში – ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქობულეთსა და ბორჯომში მოსაკრებელი 250 ათასი ლარია, ის სამორინე კი, რომლის მფლობელიც ქალაქში 100-ნომრიან სასტუმროს გახსნის, სალიცენზიო გადასახადისგან თავისუფლდება. წყალტუბოს რაიონის ტერიტორიაზე სანებართვო მოსაკრებელი სამორინეს მოწყობისათვის გაუქმებულია.

მსოფლიო

bpnდღეს კაზინოები ევროპის, აზიის, აფრიკის, ამერიკისა და ავსტრალიის მრავალ ქვეყანაში არსებობს, თუმცა ზოგან კაზინო მაინც აკრძალულია. ამ ქვეყნებს შორისაა მექსიკა, თურქეთი, ნორვეგია, კვიპროსი (ბერძნული ნაწილი), ისრაელი, აზერბაიჯანი, ბრაზილია და ა.შ. ამერიკაში კი ყველაფერი შტატზეა დამოკიდებული, ზოგიერთ შტატში კაზინოს გახსნა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია, მდინარე მისისიპიზე კი ხომალდებზე განლაგებული კაზინოები დაცურავენ, რადგან აქ კაზინოს ხმელეთზე არსებობა აკრძალულია. თუმცა თანამედროვე მსოფლიოში აშშ აზარტული თამაშების ნომერ პირველ ქვეყნად რჩება. ნევადას შტატი, რომლის კაზინოებიც მთელ მსოფლიოში განთქმულია, "აზარტულ" შტატად არცთუ დიდი ხნის წინ იქცა. აზარტული თამაშები ამ შტატში ოფიციალურად 1931 წელს დაუშვეს, ხოლო პირველი კაზინო – "ფლამინგო", რომელმაც ლას-ვეგასისთვის აზარტული თამაშების დედაქალაქის სახელის მოპოვებას ჩაუყარა საფუძველი, 1947 წელს გაიხსნა.

აზარტული თამაშების ისტორიიდან საინტერესო ფაქტებიც სწორედ აშშ-ს უკავშირდება. როგორც ამბობენ, ამერიკის შეერთებული შტატების 37-ე პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონს პოკერის თამაში უყვარდა. სწორედ პოკერის "დახმარებით" შეაგროვა მან საჭირო თანხა წინასაარჩევნო კამპანიისთვის. თუმცა მის გარდა, აზარტული თამაშები სხვა პრეზიდენტებსაც იზიდავდა. აშშ-ის 43 პრეზიდენტიდან 19 - პოკერს თამაშობდა.

მარი მელიქიშვილი