„დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ თავმჯდომარის მოადგილის, თამარ ხახიშვილის განცხადებით, წელს იწყება 34 მილიონიანი პროექტის განხორციელება, რომლის ფარგლებში, დაცულ ტერიტორიებზე 1200 კმ-მდე ბილიკი მოწესრიგდება.
როგორც მან აღნიშნა, მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე ასევე მოეწყობა 3D განათების სისტემა, რის საშუალებითაც ვიზიტორებს მათი დათვალიერება საღამოს საათებშიც შეეძლებათ.
„წელს ჩვენ ვახორციელებთ 34 მილიონიან პროექტს, რომლის ფარგლებშიც 1200 კმ-მდე ბილიკი მოწესრიგდება დაცულ ტერიტორიებზე. ასევე, მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, როგორც არის კოტეჯები, საფეხმავლო ბილიკები, გადასახედი ადგილები, საპიკნიკეები და ა. შ. ვისაც აქვს სურვილი, რომ რამდენიმედღიანი ტური დაგეგმონ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ლაგოდეხის ეროვნულ პარკში, მტირალასა და სხვადასხვა ეროვნულ პარკებში, ცხადია, ეს მათთვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა. მეორე მხრივ, იმ დაცულ ტერიტორიებზე, რომელსაც ერთდღიანი ვიზიტით ეწვევიან, ეს არის პრომეთეს მღვიმე, მარტვილს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი და ასე შემდეგ, გვექნება გარკვეული სიახლეები. წელს პირველად, იმისთვის, რომ საზოგადოებას საღამოს საათებშიც მივცეთ საშუალება, მარტვილის კანიონს ეწვიონ, მათ დახვდებათ 3D განათების სისტემა. ეს არის სრულიად ახალი პროდუქტი, რომელსაც ვიზიტორებს შევთავაზებთ. უკვე საღამოს საათებშიც შეეძლებათ ვიზიტორებს, რომ იხილონ, როგორც მარტვილის კანიონი, ასევე ოკაცეს ჩანჩქერი. ასევე, სიახლეები გვექნება სათაფლიის ტერიტორიაზე, რომელიც წელს განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ვიზიტორებში. ასევე, ბალდის კანიონზე წელს პირველად ვიწყებთ ეკოტურისტულ ბილიკების მშენებლობას და ვცდილობთ სხვადასხვა დაცულ ტერიტორიებზე დივერსიფიცირებული სერვისები შევთავაზოთ ჩვენს ვიზიტორებს“,-განაცხადა ხახიშვილმა.
მისი განმარტებით, იგეგმება დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის და ტურისტების მოსაზიდად.
„წელს ვგეგმავთ გურიის ეროვნული პარკის დაარსების საქმიანობების განხორციელებას. უახლოეს პერიოდში ასევე დავიწყებთ სამეგრელოსა და სვანეთის ტერიტორიების მოკვლევას, დაახლოებით 70 ათას ჰექტარ ტერიტორიებზე“,-განაცხადა ხახიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციაზე.