სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ 5,426,903 შეადგინა, 2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით კი 1,208,462.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ტურიზმის აღდგენის დინამიკა საკმაოდ სწრაფი ტემპებით ხასიათდება.
„2022 წლის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ 5,426,903 შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემის 58%-ით აღდგენის მაჩვენებელია. საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ კი 3,652,949 შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემების 71.9%-ით აღდგენის მაჩვენებელი და 2021 წელთან შედარებით, +131.6%-იანი ზრდის მაჩვენებელია. აღდგენის დინამიკა სტაბილურობას განაგრძობს − 2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 1,208,462-ით განისაზღვრა, რაც 2019 წლის მონაცემების 74.7%-ით აღდგენის მაჩვენებელია. ტურისტული ვიზიტების შემთხვევაში კი, აღნიშნული აღდგენის მაჩვენებელი 95%-ს აჭარბებს (845,332 ტურისტული ვიზიტი).“- ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, იწყება ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალი პროგრამა, რომელიც ქალაქებისა და კურორტების განვითარებისთვის მომდევნო 5-წლიან პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი მილიარდი ლარის ოდენობის დაფინანსებას ითვალისწინებს.
„პროგრამის პირველ ეტაპზე შერჩეულია შემდეგი მდებარეობები: ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, მცხეთა, სტეფანწმინდა, მესტია და ყაზბეგი. პროგრამა ითვალისწინებს ქალაქებისა და კურორტების ისეთი არეალების განვითარებასა და იერსახის განახლებას, რომელიც მათ პოტენციალს მნიშვნელოვან დატვირთვას შესძენს და ახალ მიზიდულობის ცენტრებს გააჩენს. 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში აღნიშნული პროგრამისთვის უკვე გათვალისწინებულია 200 მილიონი ლარი“, - ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს საქართველოდან, მსოფლიოს 96 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული 1.3 მილიარდამდე აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 2021 წლის მაჩვენებელს აღემატება 10.5%-ით. ასევე მზარდია ევროკავშირში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი, რომელმაც, 2022 წლის მონაცემებით, 173 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
მთავრობის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში დარეგისტრირდა 253 677 მესაკუთრის უფლება 219 833 მიწის ნაკვეთზე, რომელთა ჯამური ფართობია 84 814.9 ჰა.
„რეგისტრირებულ მესაკუთრეთა 50% (124 178 მესაკუთრე) ქალია. საველე სამუშაოები დასრულებულია აბაშის, კასპის, ლაგოდეხისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში. აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს სენაკის, ხაშურის, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში. ამჟამად სისტემური რეგისტრაციის პროცესში ჩართულია 648 ამგეგმავი, 225 რეგისტრატორი და 15 საჯაროდ გამოცხადების სპეციალისტი”, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ანგარიშში.
ცნობისთვის, სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება პარლამენტს უკვე წარედგინა. ანგარიში 2022 წლის ივნისიდან - 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს. პრემიერი პარლამენტს ანგარიშს 30 ივნისს გააცნობს.