სებ-მა დოლარი, სავარაუდოდ, ერთჯერადი ზეწოლის გასანეიტრალებლად გაყიდა - Galt&Taggart

2 ივნისს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენცია სავარაუდოდ, ერთჯერადი ტრანზაქციის გასანეიტრალებლად განახორციელა - წერია საინვესტიციო ბანკ Galt&Taggart-ის შეფასებაში.

ამასთან, Galt & Taggart-ის დათვლით, წელს სებ-ის მიერ წმინდა სავალუტო შესყიდვების ოდენობა 765.8 მილიონი დოლარია.

"2023 წლის 2 ივნისს, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 17.1 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, ბაზრისთვის შეთავაზებული 40 მლნ აშშ დოლარიდან, სავარაუდოდ, ლარზე ერთჯერადი შეწოლის გასანეიტრალებლად. ეს იყო პირველი სავალუტო ინტერვენცია გაყიდვის მიმართულებით 2023 წელს. აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე სებ-ი უცხოური ვალუტის წმინდა მყიდველია, რომელმაც 765.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა,"- ნათქვამია Galt&Taggart-ის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში.

შეგახსენებთ, რომ აპრილის მიწურულს და მაისის დასაწყისში რამდენიმე დღით ლარმა ფსიქოლოგიური ნიშნული გადალახა და 2.50-იან ნიშნულსაც კი ჩამოსცდა, იმ პერიოდში 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.48-2.49 ლარი ღირდა. დაახლოებით, მაისის შუა რიცხვებიდან კი ეროვნული ვალუტა კვლავ უფასურდება. მხოლოდ 1 დღეში ლარი 4 თეთრით, 16 მაისიდან დღემდე კი უკვე 10 თეთრით გაუფასურდა.

თამარ მუკბანიანი