გიორგი კვირიკაშვილი ბერლინის რიგით მესამე აღმოსავლეთ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს მონაწილეობას მიიღებს გერმანიის დედაქალაქში დაგეგმილ ბერლინის რიგით მესამე აღმოსავლეთ ფორუმში (EAST FORUM BERLIN).

EAST FORUM BERLIN 2015 წელს უკვე მესამედ იმართება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბერლინის აღმოსავლეთის ფორუმი წარმოადგენს დიალოგის პლატფორმას აღმოსავლეთის ევროპული ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს, UniCredit-სა და METRO GROUP -ს შორის.

ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ყოველწლიურად იკრიბებიან აღმოსავლეთისა და დასავლეთის, მსოფლიოს მაღალი რანგის ლიდერები პოლიტიკისა და ბიზნესის სფეროდან. გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს სადისკუსიო პანელში. დაგეგმილია საქართველოს ვიცე-პრემიერის ფორუმზე სიტყვით გამოსვლაც. ფორუმში ასევე მონაწილეობენ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი, მისი უკრაინელი კოლეგა პავლო კრიმლინი, რუსეთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრემიერი იგორ შუვალოვი და სხვა ოფიციალური პირები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.