UBS-ი Credit Suisse-ის შესყიდვის დასრულებას 12 ივნისს ელოდება

შვეიცარილმა ბანკმა UBS-მა გამოაცხადა, რომ Credit Suisse-ის შესყიდვის დასრულებას 12 ივნისს მოელის.

ტრანზაქციის დასრულების შემდეგ Credit Suisse-ის აქციები მოიხსნება შვეიცარიის ბირჟიდან (SIX), ხოლო ამერიკული სადეპოზიტო აქციები (ADS) წაიშლება ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან (NYSE).

თუ შესყიდვა დასრულდება 12 ივნისს შეერთებულ შტატებში ვაჭრობის დაწყებამდე, ნიუ-იორკში დელისტინგი მოხდება იმავე დღეს, ხოლო შვეიცარიაში - მომდევნო დღეს - განმარტავს The Wall Street Journal UBS-ზე დაყრდნობით. ხოლო თუ ფინალიზება მოხდება მითითებული ვადის შემდეგ, ორივე მოედანზე აქციების სიიდან ამოღება მოხდება 13 ივნისს.

Credit Suisse-ის აქციონერები მიიღებენ 1 ცალ UBS აქციას ყოველ 22,48 აქციაზე. Credit Suisse Group AG-ის ყველა აქტივი და ვალდებულება კი გადაეცემა UBS Group AG-ს.

შეგახსენებთ, UBS-ის მხრიდან ფინანსურად რთულ მდგომარეობაში აღმოჩენილი Credit Suisse-ის 3 მილიარდ შვეიცარიულ ფრანკად (3,34 მილიარდ დოლარად) შეძენის შესახებ ინფორმაცია პირველად მარტში გავრცელდა.

კოკა კვირკველია