გადაწყვეტილება მიღებულია - მთავრობა ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობას იწყებს

გადაწყვეტილება მიღებულია - მთავრობა ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე ახალი აეროპორტის მშენებლობას იწყებს. ამის შესახებ განცხადება დღეს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

„მე ვიტყოდი, რომ ეს არის საკმაოდ ამბიციური გადაწყვეტილება, მაგრამ ვფიქრობ, რომ დღეს გვაქვს ამის საშუალებაც და გამოცდილებაც, რაც მთავარია მიზანი, გავხდეთ რეგიონში საავიაციო ჰაბი. სწორედ ამ მიზნით ჩვენ დავიწყეთ მუშაობა რამდენიმე თვეა, აქტიურად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო. დღეს არსებული აეროპორტი არ არის დამაკმაყოფილებელი და ვერ უპასუხებს ჩვენს ამბიციურ მიზნებს, რომელზეც მინდა, რომ ახლა გესაუბროთ.

ჩვენ ვგეგმავთ, რომ გრძელვადიან პროექტზე იყოს გათვლა. მე, აქედან გამომდინარე, მინდა შემდეგი გადაწყვეტილების თაობაზე მოგახსენოთ. ჩვენ დავამუშავეთ ორი ვარიანტი. ერთი იყო არსებული აეროპორტის განვითარება, მაგრამ ეს ვერ იძლევა დიდი განვითარების შესაძლებლობას, მით უფრო, თუ გვინდა გავხდეთ ჰაბი. ჩვენ ეკონომიკურ საბჭოზე დავსვით ეს საკითხი და მივედით დასკვნამდე, რომ ჩვენ თუ გვინდა ჩვენს მომავალ თაობებს დავუტოვოთ გამართული ინფრასტრუქტურა, აუცილებელია ახალი აეროპორტის აშენება. ასეთი ლოკაცია და ადგილი კი თბილისში არის იდეალური ვაზიანის აეროდრომი.

ამიტომ, ჩემი დავალებით ეკონომიკის სამინისტრო რამდენიმე თვეა აქტიურად მუშაობს. ახლა, ჩვენი მიზანია, ამ პროექტის შესასწავლად ჩამოვიყვანოთ საუკეთესო სპეციალისტები და ამის შემდეგ მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება. საუბარია საერთაშორისო კლასის თანამედროვე აეროპორტის აშენებაზე, რომელიც რეალურად შეიძლება გახდეს ჰაბი. ეს უნდა იყოს ტრანზიტულ-ლოგისტიკური ვფიქრობ, ეს არის ძალიან ამბიციური, მაგრამ ძალიან საჭირო" , - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, დედაქალაქში ახალი აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით აქტიური საუბარი რამდენიმე თვის წინ დაიწყო მას შემდეგ, რაც ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა კორეაში, „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუდოდ განაცხადა - თბილისის დღევანდელ აეროპორტს გაფართოების შესაძლებლობა არ აქვს იმ მოცულობით, რა მოცულობაც ქვეყანას სჭირდება - დღის წესრიგში დგას ახალი აეროპორტის აშენება, რომელსაც მეტი გამტარობა ექნება".

ცნობისათვის, ვაზიანის სამხედრო აეროდრომი 1940-იან წლებში შევიდა ექსპლუატაციაში. აეროდრომზე პირველი საბჭოთა საავიაციო შენაერთი 1942 წლის აგვისტოში გამოჩნდა. ვაზიანის აეროდრომის ბეტონირებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 2,5 კმ იყო, ხოლო სიგანე - 60 მ.

იხილეთ ასევე:

სად შეიძლება აშენდეს ახალი აეროპორტი - თბილისის აეროპორტს გაფართოების შესაძლებლობა არ აქვს

თამარ მუკბანიანი