აჭარაში უამრავი ინფრასტრუქტურული პრობლემაა მოსაგვარებელი და მოუმზადებელია ტურისტების დასახვედრად, მსგავსი გულგრილი და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება კი, მავნებლურია როგორც ქვეყნისთვის, ასევე ჩვენი რეგიონისთვის, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, დავით ხაჯიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის წერს, ბათუმი და ზოგადად, აჭარა, როგორც ბოლო 10 წლის განმავლობაში, წელსაც არ არის მზად ტურისტული სეზონისთვის.
„გასულ შაბათ-კვირას აჭარაში ტურიზმის სეზონი ოფიციალური ღონისძიებით გაიხსნა. თვითონ ამ ღონისძიებაში ცუდი არაფერია, მაგრამ, როდესაც რეგიონში უამრავი ინფრასტრუქტურული პრობლემაა მოუგვარებელი და აჭარა მოუმზადებელია ტურისტების დასახვედრად, მსგავსი გულგრილი და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება მავნებლურია როგორც ქვეყნისთვის, ასევე ჩვენი რეგიონისთვის, ბოლო წლების გამოცდილებით კი შეგვიძლია ვივარაუდოთ მსგავსი დამოკიდებულება რა შედეგებამდეც მიგვიყვანს.
10 წელზე მეტია, რაც გზა ვერ დაიგო ხულო - ზარზმის მიმართულებით. ამ პრობლემის გამო, აჭარის მთავარი სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი მუდმივად კარგავს ტურისტებს. ამავე პრობლემის გამო, საზაფხულო კურორტი ბეშუმიც ზარალდება და კარგავს დამსვენებლებს.
ამ 10 წლის განმავლობაში ვისმენთ ერთი და იგივე თავისმართლებას (რომელიც არ არის გამართლება), რომ თითქოს კონტრაქტორები არიან არაკეთილსინდისიერი შემსრულებლები და ა.შ. ასე იქნება მუდამ, სანამ არ შეწყდება პერსონალურად, საკუთარი ჯიბეების საკეთილდღეოდ მოქმედება და არ დაიწყება ქვეყნის და რეგიონის ინტერესების გათვალისწინება.
მეორე ძალიან სერიოზული პრობლემაა ხელვაჩაურის გზა, რომელიც წლებია ,,რემონტდება“, თუმცა აქაც შედეგი ჯერ კიდევ არ არის, წლების განმავლობაში სარემონტო სამუშაოების გამო იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის საცხოვრებელი პირობები გაუსაძლისი იყო, მუდმივად მტვერი, ტალახი და საცობები. ახლა საერთოდ ერთი მონაკვეთი გადაკეტილია და ზედა აჭარის (ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის, ხულოს) მოსახლეობას შემოვლითი გზებით უწევს გავლა, რამაც რამდენიმე საათით გაზარდა მგზავრობის დრო. ამავე დროს, იგივე პრობლემის გამო, ტურისტულ ობიექტებთან წვდომა ზემო აჭარაში არის შეფერხებული და ეს ობიექტები ამ პრობლემების გამო ათასობით ტურისტს კარგავენ. ეს იმ დროს, როდესაც 3 ივნისს ოფიციალურად გაიხსნა ტურისტული სეზონი.
ასევე, პრობლემაა ბათუმის შემოვლითი გზა, რომელიც 2017 წელს უნდა დამთავრებულიყო, შემდეგ 2020 წელს.
2022 წელს ინფრასტრუქტურის მინისტრმა პირადად მითხრა, რომ 2023 წელს ეს შემოვლით გზა აუცილებლად დამთავრდებოდა, თუმცა არც დღეს, და არც დეკემბერში ეს გზა დამთავრებული ვერ იქნება, ეს არის კიდევ ერთი ტყუილი და გადაგდება „ქართული ოცნების“ მხრიდან. ამ გზის არარსებობის გამო მთელი სატრანსპორტო ნაკადი მიემართება არსებული გზით, რომელიც ვერ ატარებს ამდენ ტრანსპორტს, ასევე ბათუმის შესასვლელთან, კერძოდ ,,ბენზეს’’ დასახლებაში, გაარემონტეს ხიდი, რომელიც დავიწროვდა და იქმნება ე.წ. ძაბრი, რის გამოც სეზონზე დღის საათებში, ბათუმში შემოსვლას (7 კმ) 2 საათამდე ჭირდება.
გმირთა ხეივნის რეკონსტრუქცია, რომელიც დაფინანსდა ცენტრალური ბიუჯეტიდან, ჯერ კიდევ დაუსრულებელია- ტურისტული სეზონისთვის მზად არ არის.
ბათუმში უამრავი ინფრასტრუქტურული პრობლემაა, მათ შორის ბულვარში- ამოყრილი ქვაფენილი, ამოტეხილი ბეტონი, გადამწვარი და გაფუჭებული განათების ბოძები, უსახური ჯიხურები. მოცეკვავე "ფანტანთან", ახლა მიმდინარებს ტროტუარის მოპირკეთების სამუშაოები.
ბათუმის ნაგავსაყრელი, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა გადაეტანათ სხვა ლოკაციაზე (უკვე შერჩეული და სამშენებლო სამუშაოები ჩატარებული) მდებარეობს სანაპიროსთან ახლოს და შესაბამისად, იქიდან წამოსული არასასიამოვნო გაუსაძლისი სუნი იგრძნობა ახალი ბულვარის ტერიტორიაზეც, განსაკუთრებით ზაფხულში.
სხვა რიგ ლოჯისტიკურ თუ ტექნიკურ პრობლემასთან ერთად, ვფიქრობ, უმთავრესია ხარისხი, სამწუხაროდ, არც ერთი მშენებლობა, განახლება არ მიმდინარეობს ხარისხიანად, რის გამოც უმოკლეს პერიოდში ვუბრუნდებით იგივე წრეს - კვლავ შესაცვლელია.
მოკლედ, რომ ვთქვათ, ბათუმი და ზოგადად, აჭარა, როგორც ბოლო 10 წლის განმავლობაში, წელსაც არ არის მზად ტურისტული სეზონისთვის. ამ ინფრასტრუქტურით ჩვენ ხარისხიან ტურისტს ვერ მოვიზიდავთ, აქ ასეთ შემთხვევაში მხოლოდ ჩამოვლენ ისინი, ვისაც ძალიან უყვარს ბათუმი და იმათ, ვისაც სხვა ალტერნატივა აღარ აქვს (ამ შემთხვევაში რუსებს ვგულისხმობ).
ამ ყველაფრის პარალელურად, პარლამენტმა წინა კვირას ბათუმის ურბანული გენოციდის კანონი დაამტკიცა, რითაც ყველა იმ სამშენებლო სიმახინჯეს და ბეტონის ჯუნგლებს ,,გააპრავებს“, რაც ამ ბოლო 10 წლის განმავლობაში აშენებულა“, - წერს დავით ხაჯიშვილი სოციალურ ქსელში.