იტალიის ქალაქ ფლორენციის ისტორიულ ცენტრში ტურისტებისთვის Airbnb-ისა და მსგავსი კომპანიების მეშვეობით უძრავი ქონების ახალი მოკლევადიანი გაქირავებები აიკრძალა. ინფორმაციას The Independent ავრცელებს.
მერია ხაზს უსვამს, რომ აკრძალვა არ შეეხება ქალაქის ცენტრში უკვე რეგისტრირებულ 8 ათას ობიექტს და მხოლოდ მათზე გავრცელდება, ვინც მოკლე ვადით საცხოვრებელ ფართს პირველად აქირავებს. ამის ნაცვლად ხელისუფლება საგადასახადო შეღავათებს დაუწესებს იმ მეპატრონეებს, რომლებიც თავიანთ ქონებას გრძელვადიან საფუძველზე გააქირავებენ.
გამოცემის ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს, ეს ადგილი ქალაქის მუდმივი მცხოვრებლებისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. ფლორენციას, რომელიც იტალიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებაა, საცხოვრებელი ფონდი ეწურება. მიზეზი მოკლევადიანი, ანუ 30 დღეზე ნაკლები პერიოდის გაქირავებებია. ამასთან, ისტორიულ ცენტრში ასეთ საცხოვრებლებს ტურისტებს საკმაოდ მაღალ ფასში სთავაზობენ, რითიც ქალაქის მცხოვრებლები კარგავენ შესაძლებლობას, კარგი საცხოვრებელი ხელმისაწვდომ ფასად მიიღონ. სწორედ ამიტომ ფლორენციასა და იტალიის სხვა პოპულარულ ქალაქებში ბოლო დროს სტუდენტებმა უნივერსიტეტის კამპუსებში კარვების გაშლით ხელმისაწვდომი საცხოვრებლის ნაკლებობა არაერთხელ გააპროტესტეს.
სულ ფლორენციაში მოკლევადიანი გაქირავების 11 000-მდე ობიექტია. ამასთან, ქალაქში მოკლევადიან გაქირავებაზე მომუშავე კერძო საკუთრების 70%-ზე მეტი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია.
ფლორენცია ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროებით წელს ევროპის ქალაქების ტოპ ხუთეულში მოხვდა. ივნისის მდგომარეობით, ქალაქის სამვარსკვლავიან სასტუმროში ღამისთევა, საშუალოდ, 250 დოლარი ღირს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ