ბანკებმა კვლავ რეკორდული მოგება მიითვალეს

მათი შემოსავალი ლარის გაუფასურების ხარჯზეც საკმაოდ გაიზარდა

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი საბანკო ბიზნესია. ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, პირველ კვარტალში კომერციული ბანკების შემოსავალი 988 მლნ ლარამდე გაიზარდა, ხოლო წმინდა მოგება 101 მილიონ ლარამდე. სპეციალისტების განცხადებით, ბანკების მოგების ზრდას ლარის გაუფასურებამაც შეუწყო ხელი.

ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, კომერციულ ბანკებს წარმატებული პირველი კვარტალი ჰქონდათ. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მათი შემოსავალი და მოგება გაიზარდა. ბუნებრივია, ბანკების შემოსავლის ყველაზე დიდი წილი სესხებზე მოდის. 2015 წლის პირველ კვარტალში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხებიდან მიღებულმა შემოსავალმა 455 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც 76 მილიონი ლარით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 68 მილიონ ლარამდე (ანუ 14 მილიონი ლარით) შემცირდა საკომისიო მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი, თუმცა საბანკო სექტორის მიმართ მომხმარებლის პრეტენზიებიდან ერთ-ერთი სწორედ საკომისიო მომსახურების მაღალ ტარიფს უკავშირდება.

საბანკო სპეციალისტის ლია ელიავას განცხადებით, საფინანსო ბიზნესი, სხვა სექტორებთან შედარებით, ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანია და ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან საფინანსო სექტორის საქმიანობა გულისხმობს შედარებით მცირე ხარჯსა და შემოსავალიც სწრაფად იზრდება მათთან.

”ბუნებრივია, აქტივებისა და კრედიტების მოცულობის ზრდასთან ერთად, კომერციული ბანკების შემოსავალიც იზრდება. ამ პროცესს ხელს უწყობს უზარმაზარი პრეფერენციები საბანკო სექტორისთვის, რაც ეკონომიკის სხვა დანარჩენი სექტორებისთვის საერთოდ არ არსებობს. გარდა ამისა, მაღალი საპროცენტო განაკვეთები უფრო უნდა ზრდიდეს კომერციული ბანკებისთვის მოგებას”, - ამბობს ლია ელიავა და აღნიშნავს, რომ საბანკო სისტემა საქართველოში საკმაოდ კარგად არის აწყობილი. ამასთან, არც ისეთი მაღალი რისკის მატარებელია ქვეყანა, რომ ბანკები მომხმარებელს კრედიტებზე ასეთ მაღალ პროცენტს უწესებდნენ.

”ბანკების მიერ თავის დაზღვევა და დიდი საპროცენტო განაკვეთების მაღალი რისკიანობით გამართლება ცოტათი გადაჭარბებულია. ვფიქრობ, რისკზე საუბრით არსებული საპროცენტო განაკვეთების გამართლება ხდება. ეროვნულ ბანკს შეუძლია გავლენა მოახდინოს კომერციული ბანკების საპროცენტო განაკვეთებზე როგორც ადმინისტრაციული, ასევე ეკონომიკური მეთოდებით, თუმცა ამას არ აკეთებს. არადა, კომერციული ბანკების საპროცენტო განაკვეთები არის ინდიკატორი საფინანსო სექტორის სხვა მონაწილეებისთვის”, - ამბობს ლია ელიავა.

- აღნიშნულთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი ალბათ იტყვის, რომ საპროცენტო განაკვეთების სიდიდეს განსაზღვრავს ბაზარი. აქ კი 20 ბანკი საქმიანობს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გარემო არის კონკურენტული...

- ეს არის კომერციული ბანკების არაკვალიფიციური თავის მართლება, თუმცა ეს ვერ გაამართლებს სებ-ის უმოქმედობას ამ სფეროში. ეროვნული ბანკი გადაიქცა საბანკო სექტორის მომსახურების სააგენტოდ. იმის ნაცვლად, რომ საბანკო სექტორი გამოიყენოს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელებისთვის, იგი პრაქტიკულად, ემსახურება საბანკო სექტორის მოთხოვნებს.

ეკონომისტი ვაჟა კაპანაძე აღნიშნავს, რომ ბანკების მოგებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ლარის დევალვაციის პროცესმა, ვინაიდან კურსთა შორის ასეთი დიდი სხვაობით ბანკები დარჩნენ მოგებული.

”დღეს ჩვენი საბანკო სისტემა საკმაოდ მყარად დგას ფეხზე, რაც ბუნებრივია, ძალიან კარგია”, - ამბობს ვაჟა კაპანაძე და იქვე აღნიშნავს, რომ ბაზარზე, მართალია, ბევრი ბანკი მუშაობს, თუმცა საქართველოში კონკურენტული გარემო მაინც არაჯანსაღია, რაზეც საპროცენტო განაკვეთებიც მიუთითებს. ”საქართველოში, ფაქტობრივად, 4 ბანკი ქმნის ამინდს. ჯანსაღი კონკურენციის შესაქმნელად კარგი იქნებოდა, თუკი კიდევ ერთი მაღალი კლასის ბანკი შემოვიდოდა საქართველოში. რასაკვირველია, საპროცენტო განაკვეთები არის მაღალი. მოზიდული სახსრების საპროცენტო განაკვეთებსა და კრედიტების საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა საკმაოდ დიდია, რაც არასათანადო კონკურენციაზე მიუთითებს,” - ამბობს ვაჟა კაპანაძე.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2015 წლის პირველ კვარტალში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 101 მილიონ ლარს მიაღწია. 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში ბანკების მოგება 94,5 მილიონი ლარი იყო, 2013 წლის ანალოგიურ პერიოდში - 65 მილიონი ლარი, ხოლო 2012 წელს - 16 მილიონი ლარი.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”