მერია 142 ერთეული ნაგავმზიდი ტექნიკის შეძენას გეგმავს

თბილისის მერია წელს 24 ტიპის 142 ერთეული ნაგავმზიდი სპეციალური ტექნიკის შეძენას გეგმავს.

როგორც თბილისი მერიაში მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან "თბილსერვისჯგუფის" დირექტორის პირველმა მოადგილე ლევან ჯღარკავამ განაცხადა, თბილისის მერიამ მთავრობის სხდომაზე დღეს დაამტკიცა სპეციალური კომისიის მიერ წარდგენილი ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტი, რომელიც ნაგავშემკრები მანქანებისა და სხვა სპეციალური ტექნიკის შესყიდვას ითვალისწინებს. ამ დოკუმენტის თანახმად, უნდა შეიძინონ თბილისში 24 ტიპის 142 ერთეული სპეციალური ტექნიკა.

"ვიწვევთ ყველა ბრენდირებულ ორგანიზაციის წარმომადგენელს, რათა თბილისის მერიამ ამ წელიწადში განახორციელოს აღნიშნული ნაგავმზიდი ტექნიკის შესყიდვა. წარმოდგენილი იქნება ორი პირობა, გრძელვადიანი ლიზინგის და პირდაპირი შესყიდვის პირობები. გამარჯვებული ხარისხობრივი ფასის ჭრილში გამოვლინდება, ასევე გათვალისწინებული იქნება საგარანტიო პირობები", - აღნიშნა ლევან ჯღარკავამ.

მისივე თქმით, თბილისის მერია ნაგავშემკრები სპეციალური ტექნიკის შესაძენად ინტერესთა გამოხატვას მიმდინარე კვირაში გამოაცხადებს, რის შემდეგაც 45 დღის განმავლობაში უნდა მოხდეს დაინტერესებული კომპანიების მიერ განაცხადების და საბუთების წარდგენა.ტექნიკის შეძენა კი წლის ბოლომდე ეტაპობრივად განხორციელდება.