ეკონომიკის სამინისტროში, აბასთუმნის კურორტის განვითარების ფარგლებში, საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა

ეკონომიკის სამინისტროში გამართულ საკოორდინაციო შეხვედრაზე, ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ აბასთუმნის განვითარებასთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები განიხილეს და კერძო სექტორის წარმომადგენლებისგან კურორტზე მიმდინარე და დაგეგმილი სასტუმროების მშენებლობების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, სამინისტროში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა თითქმის ყველა ინვესტორი, რომლებიც აბასთუმანში სასტუმროების, რესტორნების, ასევე ღონისძიებების სივრცეების პროექტებს ავითარებენ.

ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე ითქვა, რომ 2025 წლის ზაფხულისთვის აბასთუმანში ძირითადი სასტუმროების უმეტესობა სტუმრების მისაღებად მზად იქნება.

ინფორმაციაში ნათქვამია ისიც, რომ შეხვედრაზე ხაზი გაესვა სახელმწიფოს მიერ შესრულებულ მნიშვნელოვან სამუშაოებს, მათ შორის, აბასთუმნის ცენტრალურ ქუჩაზე მე-19-მე-20 საუკუნეების 20-მდე ისტორიული სახლის, 1932 წელს აშენებული ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიისა და 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის სრული რეაბილიტაციის დასრულებას.

“შემუშავებულია კურორტის განაშენიანების გენერალური გეგმა, ხოლო აბასთუმნის უწყვეტი, სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებისა და გამართული წყალარინებისათვის, 2020-2022 წლებში, დასრულდა კურორტის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემებისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობა მშენებლობა-რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე გრძელდება ბაღდათი-აბასთუმნის გზის სრული რეაბილიტაცია, აბასთუმნის შემოვლითი გზის, ავტოსადგურისა და ღია ავტოსადგომის მშენებლობა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს, იყო აბასთუმანში სასტუმროების განვითარების დივერსიფიცირება, რაც გულისხმობს როგორც ხუთვარსკვლავიანი, საერთაშორისო ბრენდის სასტუმროების, ასევე ადგილობრივი, დაბალბიუჯეტიანი განთავსების ობიექტების განვითარებას.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი სამუშაო შეხვედრები უფრო ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება.

ლევან დავითაშვილთან და ირაკლი ქარსელაძესთან ერთად საკოორდინაციო შეხვედრაში სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი, მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კობა გაბუნია და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე მონაწილეობდნენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.