"საქსტატმა" სტატისტიკის განვითარების საშუალოვადიან სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სტატისტიკის განვითარების საშუალოვადიან სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სტრატეგიის მომზადებაში ქართველ სტატისტიკოსებს ლიტველი კოლეგები ეხმარებიან. სწორედ ამ მიზნით 20-23 აპრილს საქსტატში ლიტვის სტატისტიკის სამსახურის ექსპერტები იმყოფებიან.

"ლიტველი კოლეგების დახმარებით საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე მომზადდება სტატისტიკის განვითარების 2015-2018 წლების საშუალოვადიანი სტრატეგია. სტრატეგიის შემუშავების დროს მოხდება სტატისტიკის სფეროში არსებული მდგომარეობის შეფასება, განისაზღვრება საშუალოვადიანი გამოწვევები და პრიორიტეტები და დადგინდება სტატისტიკის განვითარების ძირითადი მიმართულებები. სტატისტიკის განვითარების საშუალოვადიანი სტრატეგიის პროექტი შემუშავების შემდეგ განთავსდება საქსტატის ვებგვერდზე, სადაც ნებისმიერი მომხმარებელი შეძლებს მას გაეცნოს და საკუთარი მოსაზრება გამოთქვას", - ნათქვამია განცხადებაში.

სტატისტიკის განვითარების წინა სტრატეგია, რომელიც 2011-2014 წლებს მოიცავდა, საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე მსოფლიო ბანკის სატრასტო ფონდის მხარდაჭერით მომზადდა.