ლევან კალანდაძე: ბიუჯეტში კორექტივების შეტანა და 300-400 მილიონი ლარით შემცირება ოპტიმალური იქნებოდა

ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და ეკონომიკაში არსებულ პრობლემებსა და მათი დაძლევის სავარაუდო გზებზე "ინტერპრესნიუსი" ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში, ლევან კალანდაძეს ესაუბრა.

- ეკონომიკურ ვითარებაზე საუბრისას ლარის კურსი და ინვესტიციების ნაკლებობა კვლავ ყველაზე აქტუალურ თემებად რჩება. ვიდრე ეროვნული ბანკი და მთავრობა კამათობენ, ლარის კურსის შესაჩერებლად უნდა იყოს თუ არა გამოყენებული რეზერვები, ლარის კურსი 2,2 -2,5-იან ზღვარს გადაშორდა. ქვეყანაში გარკვეული ინვესტიციების შემოდინებაზე ინფორმაცია კი ისმის, მაგრამ ფაქტია, რომ ამ მხრივაც საზარზეიმო ბევრი არც არაფერია. თქვენი აზრით, რამდენად შეიძლება ველოდოთ ლარის კურსის კიდევ უფრო გაუფასურესებას და რას შეიძლება უკავშირდებოდეს ინვესტიციების ნაკლებობა?

- 2014 წლის მონაცემებით, ჩვენ ინვესტიციების თვალსაზრისით საკმაოდ პოზიტიური შედეგები გვაქვს. 2014 წელს, 2013 წელთან შედარებით, 35%-ით მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. თუ 2013-ში იყო 941 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მიღებული, 2014 წელს 1 მილიარდ 127 მილიონი მივიღეთ. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდაა, 2008 წლის შემდეგ ჩვენ ამხელა უცხოური ინვესტიცია არ გვქონია. თუმცა, ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ სავალუტო შემოდინებების კუთხით არსებული პრობლემები სრულად გადაიფაროს და ის დეფიციტი, რაც პირდაპირი ფულადი გზავნილებისა და ტურიზმის ნაკადის შემცირებას მოჰყვა, ამის ხარჯზე აღმოფხვრილიყო.

ლარის კურსთან დაკავშირებული თემები მნიშვნელოვანწილად სწორედ სავალუტო შემოდინებებზეა დამოკიდებული. რამდენად სტაბილური იქნება სავალუტო შემოდინებები და რამდენად შევძლებთ ჩვენ რეგიონში არსებული ეკონომიკური პრობლემებისა და გამოწვევების გამკლავებას, ამ ბალანსის მეტ-ნაკლებად აღდგენას, ბევრად არის დამოკიდებული ლარის კურსზე. ფაქტია, რომ ლარის კურსის ვარდნა ეგზოგენურმა, ანუ გარე ფაქტორებმა გამოიწვია. ამ საქმეში ქართული სახელმწიფოსა და მთავრობის ზემოქმედების საშუალებები მინიმალურია. რეგიონში არსებულმა მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ ექსპორტ-იმპორტის სალდო შეამცირა. ჩვენს მთავარ სავაჭრო პარტნიორებს, რუსეთსა და უკრაინას შორის არსებულმა კონფლიქტმა მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენში საბაზრო კონიუქტურა, რაც თავის მხრივ საექსპორტო მაჩვენებლებზე აისახა. რაც შეეხება ლარის კურსს. დღეს მიღებული გვაქვს ლარის კურსის წონასწორობის ახალი კურსი, რომელიც 2,2 - 2,25-ის ფარგლებში მერყეობს. ეს არის ის კურსი, რომელიც მეტ-ნაკლებად შოკებისა და სერიოზული რყევების შემთხვევაში შეგვიძლია შევინარჩუნოთ სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სეზონურობის ფაქტორი ხელს შეუწყობს არსებული წონასწორობის შენარჩუნებას, უნდა ვივარაუდოთ, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი რყევები მოსალოდნელი არ არის. როცა მნიშვნელოვან რყევებზე ვსაუბრობთ, ნახტომისებურ, არასტაბილურ საკურსო ცვლილებებს ვგულისხმობ. თორემ, კრიზისული ფონის გარემოს ვითარებაში კურსის მცირედით გამყარება, ან მცირედით გაუფასურება ყოველთვის მოსალოდნელია.

- თუ გაქვთ ინფორმაცია, ობიექტები, რომლებიც მთავრობამ გასაყიდად გამოიტანა და რომელთა გაყიდვითაც იგეგმებოდა შემცირებული სავალუტო ნაკადის შევსება, ამ მხრივ მნიშვნელოვანი და საინტერესო რამე ხდება?

- მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ დაანონსა ე.წ. ეკონომიკური სტაბილიზაციის თემა, ყოველთვის ვამბობდი, რომ აქცენტი ამ მიმართულებით ფორსირებულ და ძალიან მკვეთრ გადაწყვეტილებებზე უნდა გაკეთებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორი ობიექტი გაიყიდა, მე რატომღაც მეჩვენება, რომ შეიძლება გვქონდეს პრეტენზიები ამ პროცესის წარმართვის ტემპებთან და სწრაფ განხორციელებასთან დაკავშირებით. მე მაინც მგონია, რომ ამ საკითხებში ხელისუფლება უფრო აქტიური უნდა იყოს, უფრო სწრაფად ახდენდეს გადაწყვეტილების მიღებას. მესმის, რომ შეიძლება იყოს გარკვეული ტექნიკური პროცედურები დასაზუსტებელი, მაგრამ ამ მიმართულებაზე ეფექტურობის თვალსაზრისით უფრო სწრაფი გადაწყვეტილებებია მისაღები.

- ერკვევა თუ ვერ ერკვევა, ყველა საუბრობს იმაზე, რომ ქართული ეკონომიკა ცუდ დღეშია. ამ მოსაზრების გასამყარებლად ოპოზიციას თავისი არგუმენტები მოჰყავს, საწინააღმდეგოს სამტკიცებლად - ხელისუფლებას თავისი. ამას წინათ ამ საკითხზე ექსპრემიერმა ივანიშვილმა განაცხადა - "ამბობენ, რომ ეკონომიკა ინგრევა, კრიზისია, დაინგრა ქვეყანა, ამ დროს ამის მსგავსი არაფერი ხდება". თქვენ როგორ დაახასიათებდით ქართულ ეკონომიკაში არსებულ მდგომარეობას, იმ ტენდენციებს, რომელიც უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ამ სფეროში ჩამოყალიბდა, ანაც ჩამოყალიბების პროცესშია?

- ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან და მათ შორის ბიზნესთან სწორი ტერმინებით კომუნიკაცია. ის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი არ არის, თითქოს ფორმალურად ყველა თანხმდება. ჩვენთან სახეზეა ე.წ. სავალუტო კრიზისი, რომელიც ლარის დევალვაციაში გამოიხატებოდა. თუმცა, ეს არ გადაზრდილა ფინანსურ და საბანკო კრიზისში. ამ თვალსაზრისით საუბარი იმაზე, რომ ქვეყანაში არის სტაგნაცია, ეკონომიკა ინგრევა და იხატება აპოკალიფსური სურათი, ვფიქრობ რომ უბრალოდ არასწორია. რეალურად, ქვეყნის ეკონომიკა მართლაც მძიმე მდგომარეობაშია და ეს გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ გაგვიუარესდა იმპორტ-ექსპორტის სალდო. ექსპორტის მონაცემები მნიშვნელოვნად შემცირებულია და ეს ნეგატიურად აისახა ლარის კურსზე.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაზრდის კუთხით ხელისუფლებას ძალიან ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი, მაგრამ ის, რომ ქვეყნის ეკონომიკა დანგრეულია, ნამდვილად არასწორი შეფასებაა. ეკონომიკაში ტენდენციები სწორედ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირდება. უმნიშვნელოვანესია პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა. საბაზრო და ბიზნეს-კონიუქტურის ცვლილებამ გამოიწვია ეკონომიკაში არსებული ვითარება. საქართველოში ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით სავალუტო ფონდის პროგნოზმა კორექტირება განიცადა. ახალი საპროგნოზო მაჩვენებელი 2%-ს შეადგენს. ტენდენცია სწორედ ამაზე უნდა იყოს გადაწყობილი და ჩვენ უნდა მოვერგოთ იმ გამოწვევებს და იმ პრობლემებს, რაც არის და ოპტიმალურად შევეცადოთ მშპ-ს 2%-იანი ზრდის ფარგლებში დავაკორექტიროდ ჩვენი პოლიტიკა. ამას უნდა მოვარგოთ ჩვენ როგორც საბიუჯეტო პოლიტიკა, ისე ბიზნესის წახალისება და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე ორიენტირებული პოლიტიკა.

- ასეთ პირობებში რომ ბიუჯეტს კორექტირება მოუწევს, სულ უფრო აშკარაა. ხელისუფლება აცხადებს, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია. შესაძლოა, ნაადრევი იყოს სეკვესტრირების პარამეტრებზე საუბარი, მაგრამ თქვენი აზრით, სავარაუდოდ, მაინც რამდენით იქნება შესამცირებელი ბიუჯეტის მონაცემები?

- ბიუჯეტის კორექტირება მართლაც მოგვიწევს. მშპ-ს მაჩვენებელს გადახედვა რომ მოგვიწევს, ამის შესახებ ფინანასთა მინისტრმაც გააკეთა განცხადება. როცა ბიუჯეტი იგეგმება, იგი გარკვეული ზრდის მაჩვენებელს ითვალისწინებს. თავიდან ეს იყო 5%, მაგრამ რადგან გარემოებები შეიცვალა ჩვენ ბიუჯეტის კორექტირება მოგვიწევს. დღეს ძნელია საუბარი იმაზე, ზუსტად რამდენად მოგვიწევს ბიუჯეტში კორექტივების შეტანა. ჩემი ვარაუდით, ბიუჯეტში კორექტივების შეტანა და 300-400 მილიონი ლარით შემცირება ოპტიმალური ციფრი იქნებოდა. მთავარია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით არ მოხდეს ეკონომიის გაკეთება და მათი შემცირება. ეკონომიკური აქტივობა არ შეფერხდეს და ამ კუთხით არ შემცირდეს ბიუჯეტი.

- გასულ კვირას ხმაური და აჟიოტაჟი მოჰყვა "ევრონიუსზე" გასულ მასალას, რომელშიც საუბარი იყო ქართულ ეკონომიკაში არსებულ ვითარებაზე. ამ მასალაში რომან გოცირიძემ ქართულ ეკონომიკაზე საუბარისას განაცხადა - "საქართველოს მთავრობამ გადაუხვია ეკონომიკური განვითარების ლიბერალურ გზას, გეზი აიღო სახელმწიფო რეგულირებაზე და მისი როლის გაძლიერებაზე, რაც სამომავლოდ შექმნის პრობლემებს". თქვენი აზრით, გადაუხვია თუ არა "ოცნების" მთავრობამ ეკონომიკური განვითარების ლიბერალურ გზას, მართლა აქვს თუ არა აღებული გეზი სახელმწიფო რეგულირებაზე და ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის გაძლიერებაზე და დააკისრა თუ არა მთავრობამ ბიზნესს ახალი რეგულაციები, როგორც ამას აშშ-ს სავაჭრო პალატის ბორდის წევრი ტედ ჯონასი გასულ კვირას ამტკიცებდა?

- მე ტედ ჯონასის განცხადებით დავიწყებ. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიუჟეტი მედიაში გავიდა, ტედ ჯონასის ფბ-ზე ვიხილე მცირე პოსტი, რომელშიც იგი გარკვეულ უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ ქართულმა მედიამ დაამახინჯა მისი მოსაზრებები და ინტერპრეტაციის გზით ზედმეტი სიმკაცრით დაამძიმა ეს თემა. ქვეყანას მართალც აქვს გარკვეული პრობლემები, მაგრამ ეს პრობლემები ხშირ შემთხვევაში უკავშირდება მენეჯმენტის ეფექტურობის პრობლემას, აქცენტების სწორად დასმის საკითხს. ხელისუფლებაში რამდენჯერმე დაშვებული იქნა შეცდომები, რომლებმაც გარკვეულ წილად დაამძიმა ბიზნესგარემო. მხედველობაში მაქვს საკანონმდებლო რეგულაციები, რომელთა მიღების შემდეგ ხელისუფლებას მათი ან გადახედვა, ანაც გაუქმება დასჭირდა. ამგვარი პრობლემები ყოველთვის ახლავს პროცესს, როცა ქვეყანა და ეკონომიკური მოდელი ჩამოყალიბების პროცესშია. ჩვენ მაინც ტრანსფორმაციისა და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყანა ვართ და ამიტომ მე შემდგომშიც არ გამოვრიცხავ შეცდომების დაშვებას, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლება რამდენად ადეკვატური იქნება მის მიერვე დაშვებული შეცდომების გამოსწორებაში და რამდენად დროულად გაიაზრებს იგი დაშვებულ შეცდომებს. რა თქმა უნდა, სჯობია შეცდომები არ დავუშვათ, თავიდანვე მაქსიმალურად გათვილი იყოს ყველა ფაქტორი, მაგრამ ყოველთვის ასე ვერ ხერხდება.

- მთავრობის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფომ 119 თუ 139 ახალი საწარმო დააფინანსა. მეტიც, მთავრობამ ჟურნალისტებს მათი დათვალიერება შესთავაზა. არავინ დავობს, კარგია, რომ სახელმწიფო ჩვენს ჯერაც ფეხზე ვერდამდგარ ბიზნეს დაეხმარა. მაგრამ ჯერ არსად არაფერი თქმულა იმაზე, თუ რამდენი მათგანი აწარმოებს კონკურენტუნარიან ნაწარმს, რამდენ მათგანს გააქვს თავისი ნაწარმი ექსპორტზე და რამდენი მუშაობს შიდა ბაზარზე და ამით ბიუჯეტი სავარაუდოდ, რამდენს მიიღებს? გარდა ამისა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ბიზნესმა სახელმწიფოს დახმარებით რამდენი ადამიანი დაასაქმა და რამდენია დასაქმებულთა საშუალო ხელფასი? ვინაიდან, ეს მონაცემები ჟურნალისტებისთვის ხელმიუწვდომელია, იქნებ თქვენ იცით რაიმე მათ შესახებ?

- აბსოლუტურად სწორად სვამთ კითხვას. საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაცია წარმატების ერთ-ერთი პირობაა. იგი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც სამომავლო ორინეტირების სწორად განსაზღვრას ემსახურება. ფაქტია, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ამ თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები აქვს. წინა ხელისუფლებისაგან განსახვავებით, როცა კეთდებოდა გარკვეული საქმე, იგი ათმაგად წარმოჩდებოდა. დღეს თითქოს გარკვეული ნაკლებობა და დეფიციტი შეინიშნება უკვე გაკეთებული საქმეების საზოგადოებამდე სწორად მიტანის კუთხით. თქვენთვის რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, მეც განვიცდი ინფორმაციის ანალოგიურ დეფიციტს. ეს მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობ ყურადღებით გავეცნო კერძო საწარმოებთან მიმართებაში სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში განხორციელებულ პროექტების ყოველკვარტალურ შედეგებს. არასათანადოდ მოგვეწოდება ინფორმაცია არა მარტო დასაქმებულთა ოდენობის, არამედ დასაქმებულთა ხელფასების ოდენობის შესახებ. ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა განაცხადეს, რომ დაიწყებენ მედიატურებს, კარგია რომ კახეთის რეგიონში იგი უკვე დაიწყო და ამ თვალსაზრისით ხელისუფლება ახლა გააქტიურდა.

პიარი ხელისუფლების მნიშვნელოვანი აქილევსის ქუსლია. რეალურად, ჩვენ ძალიან გვიჭირს საზოგადოებისთვის მართებული ინფორმაციის სწორად და შედეგზე ორიენტირებულად მიწოდება. ვფიქრობ, თუ ამ თვალსაზრისით ხელისუფლებას გარკვეული გააქტიურება ექნება, ანალიზის გაკეთებაც გაიოლდება და შედეგებიდან გამომდინარე საკითხების დასმის საშუალება გვექნება. ანუ, რამდენად ეფექტურია ესა თუ ის პროგრამა და ასე შემდეგ. ზოგადად, მე სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ბიზნესისთვის და ბიზნესის დაფინანსებისთვის ფულის მიცემის წინააღმდეგი ვარ. ხელისუფლების როლი და მთავარი ამოცანა არის ბიზნესის განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა. ბიზნესმა თავად უნდა იზრუნოს კონკრეტული საინვესტიციო რესურსის მოზიდვაზე, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ქვეყანა გარდამავალ ეტაპზეა, გარკვეული სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც რიგი სასაქონლო ჯგუფების წარმოების წახალისებას ემსახურება, არ უნდა გამოვრიცხოთ. ვიცი რამდენიმე საწარმო, რომლებმაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებით ისარგებლა, აწარმოებს ძალიან მაღალი ხარისხის საექსპორტო პროდუქციას, ძირითადად სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, ღვინოს და აქვთ დასაქმების მაჩვენებლით გარკვეული ზრდაც. თუმცა, მაკროდონეზე ეს რამდენად შედეგისმომცემია სახელმწიფოსთვის გრძელვადიან პერსპექტივაში, ამაზე ხელისუფლებას კიდევ დამატებით მოუწევს მუშაობა და საზოგადოებისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდება.

- გასულ კვირას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემოს სვანეთში პრემიერი იმყოფებოდა. ითქვა, რომ პროგრამა "ძლიერი რეგიონები - ძლიერი საქართველოს" ფარგლებში ხელისუფლებამ ამ რეგიონში ბიზნესის განვითარებისთვის 44 მილიონი ლარი გამოყო. თქვენი აზრით, რამდენად შეიძლება გვქონდეს იმის იმედი, რომ სახელმწიფოს მიერ ბიზნესის განვითარებისთვის გამოყოფილი ფინანსებით რეგიონებში ეკონომიკური ცხოვრება გამოცოცხლდება? და კიდევ, თუ გაქვთ ინფორმაცია, კიდევ რომელ რეგიონში გეგმავს ხელისუფლება ბიზნესის განვითარებისთვის სოლიდური თანხებით დახმარების აღმოჩენას?

- მე გავეცანი სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთში ანალოგიურ პრეზენტაციის მასალებს. ვთვლი, რომ ეს მასალები არის ამ რეგიონებში ბიზნესის წარმოების გზამკვლევი. სხვათა შორის, კარგი კვლევები იყო ჩატარებული. ისინი მნიშვნელოვნად წარმოაჩენენ ამ რეგიონების საინვესტიციო პოტენციალს. მართლაც კარგი გზამკვლევია ნებისმიერი ინვესტორისთვის ამ რეგიონებში თუ რა მიმართულებით შეიძლება გაკეთდეს ინვესტიცია და ბიზნესაქცენტები რამდენად სწორად დაისვას. ეს კვლევები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ იმედი იმისა, რომ ამ კვლევებითა და პრეზენტაციებით მოხდება ბიზნესის განვითარება და ეს იქნება საკმარისი პირობა ამ რეგიონების ეკონომიკური განვითარებისთვის, მე ეს მოლოდინი არა მაქვს. ვიცი, რომ ეს აუცილებელი, თუმცა არასაკმარისი პირობაა რეგიონებში ეკონომიკის განვითარებისთვის. საკმარისობადობას თავად ბიზნესი განსაზღვრავს იმ კონკრეტული შეთავაზებებზე მოსარგებად, რაც ამ კვლევებში უკვეა წარმოდგენილი. ეს არის სახელმწიფოსა და ბიზნესის პარტნიორობის გარკვეული ფორმა. სახელმწიფო ატარებს კვლევას, გამოავლენს კონკრეტულ შესაძლებლობებს და აკეთებს ბიზნესისთვის კონკრეტულ შეთავაზებას. მეორე საკითხია თუ როგორ გამოიყენებს ამას ბიზნესი. ეს მხოლოდ ამ კვლევებზე არ არის დამოკიდებული. ეს დამოკიდებულია ზოგადად ქვეყანაში ეკონომიკური გარემოს გაჯანსაღებაზე, საინვესტიციო კლიმატის კიდევ უფრო განვითარებაზე, საინვესტიციო რესურსსა და კაპიტალზე და ასევე დამოკიდებულია წარმოებული ნაწარმის ფასის კომპონენტზე. მაგრამ, უნდა ვაღიაროთ, რომ ის, რაც გაკეთდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ვიმეორებ, მხოლოდ ეს ბიზნესს ვერ განავითარებს. მნიშვნელოვანია ამ პროცესში თავად ბიზნესის ჩართულობა და კონკრეტულ შეთავაზებებზე ადეკვატური ნაბიჯების გადადგმა. ვისურვებდი, რომ ხელისუფლება გახდეს ბიზნესის ლობისტი და დაეხმაროს მას კონკრეტული ქეისების, კონკრეტული საინვესტიციო პროექტების რეალიზაციაში და თავად ხელისუფლება, როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური გამოვიდეს კონკრეტული შეთავაზებების რეალიზაციის ხელშემწყობი და ინიციატორი. ამ თვალსაზრისით ხელისუფლებას აქტივობა სჭირდება.

ძალიან კარგია რეგიონალურ ჭრილში ე.წ. გზამკვლევების მომზადება, მაგრამ კიდევ არის დარგობრივი ჭრილი. მაგალითად, ზოგადად საინტერესოა, როგორია სოფლის მეურნეობის პოტენციალი და ქვეყნის ენერგეტიკული შესაძლებლობები. ამ თემებზე კვლევები ხელისუფლებას ასევე აქვს მოსამზადებელი. ეს მასალები წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა და გააადვილებდა პოტენციურ ინვესტორებთან ურთიერთობას.

კობა ბენდელიანი

"ინტერპრესნიუსი"