ლიეტუვაში მეტროს მშენებლობაზე ალაპარაკდნენ

ლიეტუვის მშენებელთა ასოციაცია ვილნიუსში მეტროს მშენებლობის ინიციატივით გამოდის. ინფორმაციას Delfi ავრცელებს.

ასოციაციის განცხადებით, მეტრო ქალაქში ელექტროენერგიასა და წყალს დაზოგავს, ასევე, მცხოვრებლებისთვის თავშესაფრის ფუნქციას შეასრულებს.

ვილნიუსში მეტროს აშენების იდეა ახალი არ არის. კერძოდ, ორგანიზაცია, Metro sąjūdis ამ ინიციატივით ათი წლის წინ გამოვიდა. ორგანიზაციის წევრები აცხადებდნენ, რომ მეტრო ქალაქში სატრანსპორტო კომუნიკაციის პრობლემას მოაგვარებდა. ამჯერად მეტროს აშენების იდეა ლიეტუვის მშენებელთა ასოციაციამ გაახმიანა.

„მხოლოდ ეროვნული სტადიონი და საკონცერტო დარბაზი კი არ უნდა შენდებოდეს, არამედ აუცილებელია, ინვესტიციები მეტროს ერთ ხაზში მაინც ჩაიდოს,“ - აცხადებს ასოციაციის პრეზიდენტი, დალიუს გედვილასი.

თუმცა ვილნიუსის მუნიციპალიტეტის ინჟინრები ჯერ ვერ ხედავენ აზრს მეტროპოლიტენის მშენებლობაში. მათი შეფასებით, მოქალაქეთა რაოდენობა მცირეა, მათ კი საკუთარი მანქანები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჰყოფნით.

მშენებელთა ასოციაცია ამტკიცებს, რომ მეტრო ურბანულ კომუნიკაციას უფრო კომფორტულს გახდის და მნიშვნელოვან სამხედრო როლსაც შეასრულებს. კერძოდ, კრიტიკულ სიტუაციაში მეტრო შესაძლოა, მოქალაქეებისთვის დაბომბვებისგან თავშესაფრად გადაიქცეს. ქალაქში სტრატეგიულ პრობლემებს სამხედრო ექსპერტებიც ხედავენ. ისინი აღნიშნავენ, რომ უკრაინაში ომის პირველივე დღეებში მიწისზედა საწყობები განადგურდა, ამიტომ ანალოგიურ სიტუაციაში ლიეტუვაც იგივე სცენარით დაზარალდებოდა. ლიეტუვის არმიის რეზერვის მაიორი, დარიუს ანტანაიტისი აცხადებს, რომ საჭიროა, ქვეყანაში მიწისქვეშა ობიექტები მხოლოდ საწყობებისთვის კი არა, მინიმუმ, ორმაგი დანიშნულებით აშენდეს.

Metro sąjūdis-ის წევრებს ვილნიუსში მეტროს გამოჩენის იმედი არა აქვთ, რადგან ქალაქისთვის და სახელმწიფოსთვის მომგებიანი უფრო გზების მშენებლობაა.

თუმცა ახლახან ლიეტუვის პარლამენტმა მიიღო კანონი მეტროსთან დაკავშირებით, რომელმაც ქვეყანაში მის მშენებლობას მწვანე შუქი აუნთო. ამ მხრივ ყველაზე შესაფერის ქალაქად ვილნიუსს ასახელებენ, თუმცა არქიტექტორ არტურას იმბრასასის თქმით, ლიეტუვის დედაქალაქი რელიეფის გამო მეტროსთვის შეუფერებელია. მას არ ეთანხმება ქალაქის ამჟამინდელი მერი, რემიგიუს შიმაშიუსი, რომელიც მიიჩნევს, რომ რელიეფი დაბრკოლება არ არის და ვილნიუსში მეტრო შესაძლოა, 15 წელიწადში რეალობად იქცეს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ