საქართველო-ბელორუსის ბიზნესფორუმზე კომპანიები მემორანდუმებს გააფორმებენ

საქართველოსა და ბელორუსს შორის ბიზნესფორუმი იმართება, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებსა და პერსპექტივებს ეძღვნება.

ფორუმის ორგანიზატორები არიან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და ბელორუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატა. ღონისძიების ფარგლებში საქმიანი კონტრაქტების ხელმოწერის ცერემონია გაიმართება ბელორუსულ და ქართულ კომპანიებს შორის. კერძოდ, მემორანდუმებს თანამშრომლობის შესახებ გააფორმებენ - კომპანია "სარაჯიშვილი" და "მინსკ კრისტალი", ჰოლდინგი "ბელავტომაზი" და "ბიზნესჯგუფი 2010", ჰოლდინგი "ბობრუისკაგრომაში" და საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტი, ჰოლდინგი "ემ-ტე-ზე" და კომპანია "მსოფლიო ტექნიკა". ფორუმზე გაკეთდება პრეზენტაციები ბელორუსისა და საქართველოს საინვესტიციო კლიმატის, აგრეთვე სახელმწიფო პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" შესახებ. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია 180-ზე მეტი პირისპირ შეხვედრა ქართულ და ბელორუსულ კომპანიებს შორის. აგრეთვე გაიმართება ბელორუსული კვების პროდუქციის გამოფენა-დეგუსტაცია.

ბელორუსის ბიზნეს დელეგაციის შემადგენლობაში 38 კომპანიის 44 წარმომადგენელი მონაწილეობს. ბელორუსის ბიზნესის დელეგაცია 23 აპრილამდე ადგილზე გაეცნობა რამდენიმე ქართული კომპანიის საქმიანობას. 23 აპრილს დაგეგმილია საქართველოსა და ბელორუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა. შეთანხმება მიზნად ისახავს ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას.