ევროკავშირის თანხის მიმღები გარემოს დაცვის სამინისტრო, მონაცემთა გაცვლის სააგენტო, პარლამენტი და გენდერულ საკითხთა კომისია იქნებიან

საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების განხორციელების ხელშესაწყობად ევროკავშირმა მორიგი დახმარება გამოყო.

8 მილიონი ევრო საქართველოს გარემოსდაცვით კანონმდებლობის გასაუმჯობესებლად და საჯარო უწყებების მუშაობის გამჭვირვალობის ხელშესაწყობად გამოიყო. დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც საქართველოს ასოცირების შეთანხმების პრიორიტეტების განხორციელებაში დაეხმარება.

როგორც ხელმოწერის შემდეგ დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ევროკავშირი წლების განმავლობაში საქართველოს ინსტიტუციური განვითარების მხარდამჭერ პროექტებს აფინანსებს. მისივე განმარტებით, 8 მილიონი ევრო დამატებით დააფინანსებს იმ რეფორმებს, რომლებსაც საქართველო ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის თვალსაზრისით ახორციელებს.

"ჩვენი ძირითადი პრიორიტეტებია საჯარო ადმინისტრირების რეფორმა, მართლმსაჯულების რეფორმა, სოფლის მეურნეობისა და მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის რეფორმა, დამატებით მეოთხე პრიორიტეტულ მიმართულებად ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია განისაზღვრა. შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო უწყებები მიიღებენ შესაბამის დახმარებებს, რათა წარმატებით გაგრძელდეს ის რეფორმები, რომელიც გათვალისწინებულია ასოცირების შეთანხმებით", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის ინფორმაციით, თანხის მიმღები მთავარი ბენეფიციარები იქნებიან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, მონაცემთა გაცვლის სააგენტო, საქართველოს პარლამენტი და გენდერულ საკითხთა უწყებათაშორისი კომისია.

ევროკავშირს უკვე გამოყოფილი აქვს საქართველოსთვის დახმარება 20 მილიონი ევროს ოდენობით. ასოცირების შეთანხმების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებისა და სავიზო საკითხთა ლიბერალიზაციის შეთანხმების პრიორიტეტების შესრულების პროცესში. გუშინ ევროკავშირმა 10-მილიონიანი სესხის ტრანსფერი განახორციელა. ეს არის 46-მილიონიანი პაკეტის ნაწილი, რომლის მიზანია საქართველოს ბიუჯეტის ხელშეწყობა. აღნიშნული თანხის ნაწილი სესხის, ნაწილი კი, გრანტის სახით გამოიყოფა.