ლიფტებს ტექნიკური ინსპექტირება 3 წელიწადში ერთხელ უნდა ჩაუტარდეთ - ამის შესახებ ვაკის რაიონის მიერ პარლამენტის წევრის ქეთევან თურაზაშვილის სადეპუტატო კითხვის პასუხად გაგზავნილი ინფორმაციიდან ირკვევა.
მათივე ცნობით, ლიფტი/ლიფტები წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას. შესაბამისად, სწორედ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობაა ვალდებული განსაზღვრული პერიოდულობით (3 წელიწადში ერთხელ) ჩაუტაროს ლიფტს ტექნიკური ინსპექტირება.
„ტექნიკურ ინსპექტირებას ახორციელებს ამხანაგობის დაკვეთით ლიფტების ტექნიკური ინსპექტირებისთვის აკრედიტირებული ორგანოები, ექსპლუატაციაში მყოფი ლიფტი/ ლიფტები ამხანაგობის მიერ უნდა დარეგისტრირდეს ეკონომიკისა სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში არსებულ ობიექტთა უწყებრივ რეესტრში.
თუ ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ ლიფტი/ლიფტები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნებს და საჭიროებს სარემონტო სამუშაოს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, როგორც ლიფტის/ ლიფტების მესაკუთრე, ვალდებულია უზრუნველყოს ლიფტის გამართული და უსაფრთხო ექსპლუატაცია და დაუყოვნებლივ გაითვალისწინოს ექსპერტიზის დასკვნა. მიიღოს შესაბამისი ზომები სათანადო კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტის დახმარებით ლიფტის ექსპლუატაციის შეჩერების შესახებ,“- აღნიშნულია გამგეობის მიერ გამოზავნილ ინფორმაციაში.
მათივე განმარტებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არ არის ვალდებული აცნობოს ან წარადგინოს ლიფტის ტექნიკური ინსპექტირების ანგარიში გამგეობებში.
ამასთან, როგორც ვაკის რაიონის გამგეობიდან გაგზავნილი ინფორმაციიდან ირკვევა, გამგეობა არ აწარმოებს ვადაგასული ან/და ტექნიკურად გაუმართავი, მათ შორის გაჩერებული ლიფტების სტატისტიკას.
მათივე ცნობით, 2020 და 2021 წლებში გამგეობაში არ შესულა არცერთი ანგარიში ლიფტების ინსპექტირების შედეგების შესახებ, ხოლო 2023 წელს შევიდა სულ 145 ლიფტის ტექინსპექტირების ანგარიში, საიდანაც 29 ლიფტი მოდერნიზებულია ან ჩანაცვლებულია ახლით.