სანქციების შიში - სომხური და ყაზახური ბანკები რუსებს ელექტროტექნიკის საიმპორტო გადახდებს უბლოკავენ

სანქციების რისკის გამო სომხეთის, ყაზახეთისა და ჰონგ კონგის ბანკებმა რუსეთის იურიდიული პირებისთვის სასაქონლო ნომენკლატურაზე გადახდის დაბლოკვა დაიწყეს, რაც სერვერებს, მიკროსქემებს, პროცესორებს, სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობასა და სხვა ელექტრონიკას მოიცავს. ინფორმაციას რუსული „კომერსანტი“ ავრცელებს.

მიმწოდებლები ელექტრონიკის შეტანას სხვა სასაქონლო კოდებით ცდილობენ და გადახდის ალტერნატიულ მეთოდებს ეძებენ. ექსპერტები შიშობენ, რომ მეგობარი ქვეყნების მიერ ექსპორტზე კონტროლის გამკაცრებამ რუსეთში ასეთი პროდუქციის დეფიციტი შესაძლოა, ნახევარ წელიწადში გააჩინოს.

ელექტრონიკის ბაზარზე „კომერსანტის“ წყაროები აცხადებენ, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში სულ უფრო ხშირად აწყდებიან შემთხვევებს, როცა ყაზახური, სომხური და ჰონგ კონგის ბანკები რუსული იურიდიული პირებისთვის საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის კოდზე გადახდებს ბლოკავენ. ეს განპირობებულია აშშ-ის სანქციების მეათე პაკეტის შემოღებით, რომელიც რუსეთის ფედერაციასთან მომუშავე ბანკებს საფრთხეს უქმნის. შეზღუდვები, მათ შორის, დაბლოკილი პირის ან მისი წარმომადგენლის სასარგებლოდ თანხის, საქონლის ან მომსახურების ნებისმიერ მიწოდებაზე ვრცელდება.

ამის შედეგად, „კომერსანტის“ წყაროს ცნობით, რუსულ კომპანიებს კომპიუტერების, სერვერების, მონაცემთა შენახვის სისტემებისა და სხვა აღჭურვილობის წარმოებისთვის აუცილებელი კომპონენტების იმპორტი „ალტერნატიული“ კოდებით ან აწყობილი ტექნიკის შეტანა მოუწევთ.

მთავრობასთან დაახლოებულმა წყარომ „კომერსანტს“ განუცხადა, რომ გადახდები უახლესი თაობის სატელეკომუნიკაციო მოწყობილობებზეც, ასევე, შენახვის სისტემებისა და სერვერების მიწოდებაზე იბლოკება.

ჯერ კიდევ 2022 წლის აპრილის შუა რიცხვებში RBC-სთან ინტერვიუს დროს სომხეთის ეკონომიკის მინისტრი, ვაჰან ქერობიანი აცხადებდა, რომ სომხური ბანკები სანქციების რისკებს მეტად ფრთხილად ეკიდებიან. გამოცემა ქართული ბანკის, ТВС-ის გადაწყვეტილებასაც იხსენებს, რომელმაც უკრაინის ომიდან ერთი წლის შემდეგ კლიენტების გაფრთხილება დაიწყო, რომ თუ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ასავლელი ტრანზაქციები გამოვლინდებოდა, ბანკი ასეთ ანგარიშებს დაბლოკავდა.

უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ელექტრონიკის ორი სომხური დილერი, Taco და Milur Electronics შეერთებული შტატების შავ სიაში უკვე შეიყვანეს.

10 მაისს „კომერსანტი“ წერდა, რომ ყაზახეთის გავლით ელექტრონიკის მიწოდებაზე კონტროლის გამკაცრების გამო დისტრიბუტორებმა მარშრუტების შეცვლა, მათ შორის ჩინეთის, ყირგიზეთისა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების გავლით დაიწყეს, რაც ტექნიკის ღირებულებას ზრდის.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ