ყაზახეთი რუსეთთან ერთიანი ეროვნული ვალუტის შექმნას გამორიცხავს

”ყაზახეთს მკაფიო პოზიცია აქვს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ერთიანი ეროვნული ვალუტის შემოღებასთან დაკავშირებით და სრულად გამორიცხავს ამას”

ყაზახეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ერთიანი ეროვნული ვალუტის შემოღებას გამორიცხავს. ამის შესახებ ყაზახეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ტიმურ ჟაკსილიკოვმა განაცხადა.

"ყაზახეთს მკაფიო პოზიცია აქვს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ერთიანი ეროვნული ვალუტის შემოღებასთან დაკავშირებით და სრულად გამორიცხავს ამას. ეს საკითხი არც კი განიხილება", - განაცხადა ტიმურ ჟაკსილიკოვმა.

მისივე თქმით, 2025 წლამდე ყაზახეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში მხოლოდ ფინანსური ბაზრების რეგულირების სფეროში კანონმდებლობის ჰარმონიზაციას აპირებს.

მარტის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს, ბელორუსსა და ყაზახეთს შორის ერთიანი ეროვნული ვალუტის შექმნაზე ლაპარაკის დროა.

რუსეთმა, ბელორუსმა და ყაზახეთმა 2014 წლის 29 მაისს ასტანაში ხელი მოაწერეს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შექმნას, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის 1 იანვარს შევიდა. 2 იანვარს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს სომხეთი შეუერთდა, მაისში კი კავშირში გაწევრიანებას ყირგიზეთი გეგმავს.