მცხეთა-მთიანეთში მიმდინარე საინვესტიციო პროექტების ღირებულება 60-65 მილიონი ლარია

მცხეთა-მთიანეთში მიმდინარე საინვესტიციო პროექტების ჯამური ღირებულება 60-65 მილიონი ლარია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონში სტუმრობისას, ადგილობრივ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელთაც ახალი პროექტი "ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის" გააცნო.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, საინვესტიციო პროექტებს შორისაა

სასტუმროების, ტურისტულ-რეკრეაციული კომპლექსებისა და ცენტრების მშენებლობა, ვაზისა და ხეხილის ბაღების გაშენება, თევზსაშენი მეურნეობის განვითარება, მინერალური და სასმელი წყლების ჩამოსხმა, მევენახეობა-მეღვინეობის, აგრეთვე კომბინირებული საკვების საწარმოების ამუშავება, ბაზალეთის ტბის ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა და ა. შ.

"რეგიონში ამისი პოტენციალი ნამდვილად არსებობს - ის მდიდარია ისეთი ბუნებრივი რესურსებით, როგორიცაა: ჰიდრორესურსები, მტკნარი წყლები, სხვადასხვა სახის სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალა - კირქვა, ბაზალტი, ქვიშაქვა, სააგურე თიხა და ასე შემდეგ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.