ყაზახეთის სპეციალური ეკონომიკური ზონა შუა დერეფნის უწყვეტი მუშაობის გარანტია

ყაზახეთში სპეციალური ეკონომიკური ზონის, „ხორგოსი-აღმოსავლეთის კარიბჭის“ მშენებლობა შუა დერეფნის, ანუ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) გამართულ ფუნქციონირებას მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ფელიქს კ. ჩანგმა სააგენტო Trend-ს განუცხადა.

ჩანგის შეფასებით, შუა დერეფნის ქვეყნებს შორის ყაზახეთის მაღალი მშპ TITR-ის განვითარების საფუძველია.

„ყაზახეთის უპირატესობაა, რომ აქვს მეორე უდიდესი მთლიანი შიდა პროდუქტი შუა დერეფნის ქვეყნებს შორის. ეს ნიშნავს, რომ ყაზახეთისთვის უფრო ადვილია კაპიტალის მიზიდვა შუა დერეფნის თავის ნაწილზე თანამედროვე სატრანსპორტო და გადაზიდვის ინფრასტრუქტურის მშენებლობის დასაფინანსებლად,” - აცხადებს მკვლევარი.

ამასთან, ჩანგის თქმით, შუა დერეფნის განვითარებას, ასევე, ხელი შეუწყო ჩინეთთან ყაზახეთის კარგმა ეკონომიკურმა ურთიერთობამ, მითუმეტეს, „ჩინური ვალდებულებების გარეშე შუა დერეფანი, განსაკუთრებით მის პირველ წლებში, მომგებიანობის თვალსაზრისით შესაძლოა, საკმარისად არ განვითარებულიყო.“ უცხოელმა ექსპერტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შუა დერეფანი მარშრუტის ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რაც მათ რეგიონის გარეთ, უცხოურ ბაზრებზე შესვლის შესაძლებლობას აძლევს.

მისი თქმით, ზოგადად, ქვეყნებს შორის ახალი სატრანსპორტო კავშირების მშენებლობა ხელს უწყობს ეკონომიკური თანამშრომლობისა და რეგიონული ვაჭრობის გაფართოებას. ამის მაგალითია ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებს შორის ვაჭრობის ზრდა.

„მეტიც, რაკი შუა დერეფნის სატრანსპორტო კავშირები უმჯობესდება, ხოლო მიწოდების ღირებულება მცირდება, დერეფნის ქვეყნებს რეგიონის გარე ბაზრებზე ბევრად უფრო მეტი წვდომა ექნებათ, “ - ამბობს ჩანგი.

შუა დერეფანი აზია-ევროპის დამაკავშირებელი სატრანსპორტო-სავაჭრო მარშრუტია, რომელიც რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. ეს ტრადიციული ჩრდილო და სამხრეთ დერეფნების ალტერნატიული მარშრუტია. შუა დერაფანი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებზე, კერძოდ, ყაზახეთზე, უზბეკეთსა და თურქმენეთზე გადის. შემდეგ ის კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში გრძელდება, საიდანაც ევროპაში შედის. შუა დერეფანი სახმელეთო მარშრუტია, რომელიც აზიის აღმოსავლეთ რეგიონებს, მათ შორის, ჩინეთს ევროპასთან გრძელი საზღვაო მარშრუტების გვერდის ავლით აკავშირებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ