"აფბა"-მ შეისწავლა ქვეყნის სავიზო პოლიტიკა და მისი გავლენა ქვეყანაში ტურისტების შემოდინებაზე

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ "აფბა" ტურიზმზე სავიზო რეგულაციების გავლენაზე ისაუბრა.

როგორც ორგანიზაციის ანალიტიკოსმა პაატა ბაირახტარმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, "აფბა"-მ შეისწავლა ქვეყნის სავიზო პოლიტიკა და მისი გავლენა ქვეყანაში ტურისტების შემოდინებაზე.  ორგანიზაციის ანალიტიკოსის განცხადებით, 2014 წლის მონაცემებით დაფიქსირდა ტურისტული შემოსავლების ისტორიული მაქსიმუმი. მისივე თქმით, ბოლო ათი წლის მანძილზე ამ შემოსავლებმა პირველად მიაღწია 1.5 მილიარდ დოლარს.

"2015 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით (წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით) ქვეყანაში ვიზიტორების შემოსვლა უმნიშვნელო, 2%-იანი თუმცა დაღმავალი ტენდენციით ხასიათდება. საგულისხმოა იმის გაანალიზება, თუ რა ფაქტორებმა გამოიწვია ქვეყანაში ვიზიტორების შემცირება და არის თუ არა ამის მთავარი მიზეზი გამკაცრებული სავიზო პოლიტიკა. საქართველოში უვიზოდ შემოსვლა მსოფლიოს 94 ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ. განვიხილოთ ის ქვეყნები, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოდის", -განაცხადა ბაირახტარმა.

მანვე დღეს შესაბამისი ცხრილი წარმოადგინა. "როგორც ვხედავთ, 15 ქვეყნიდან ვიზიტორების შემოდინების შემცირება 6 მათგანში ფიქსირდება. ყველაზე დიდი შემცირებაა თურქეთიდან - 28 ათას ვიზიტორზე მეტი, ირანიდან - 8,6 ათასი, რუსეთიდან თითქმის 6 ათასი. საინტერესოა, აღნიშნული 6 ქვეყნიდან, რამდენთან აქვს საქართველოს უვიზო მიმოსვლა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე მოცემულია იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ქვეყნებში, მოკლევადიანი მიზნებისათვის (90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში) შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა. ზემოთ ხსენებული 6 სახელმწიფოდან, მხოლოდ ირანია, რომლის მოქალაქეებსაც საქართველოში შემოსასვლელად ვიზა ესაჭიროებათ. გარდა ამისა, ვიზიტორების რაოდენობის მხრივ ტოპ 15 ქვეყნიდან 14 მათგანის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ. ერთადერთი ქვეყანა, საიდანაც ვიზიტორების შემოსვლის შემცირება სავიზო რეჟიმის გამკაცრებას შეიძლება მივაწეროთ, ირანია", - განაცხადა ბაირახტრმა.

ანალიტიკოსის შეფასებით, ვიზიტორების შემცირების უმთავრეს მიზეზად სავიზო რეგულაციების გამკაცრების დასახელება საფუძველს მოკლებულია.

"ახალგაზრდა ფინანსისტები მივიჩნევთ, რომ აღნიშნული ტენდენციის მიზეზი ზოგადად რეგიონში არსებული მძიმე მდგომარეობაა. კერძოდ, უკრაინა, სადაც პრაქტიკულად საომარი ვითარებაა; ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის ზღვარზე მყოფი რუსეთი; საკუთარი ვალუტების დოლართან მიმართებაში დევალვაციით შეწუხებული მეზობელი თურქეთი და აზერბაიჯანი. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ახალგაზრდა ფინასისტები მივიჩნევთ, რომ ქვეყანაში ვიზიტორების ბოლოდროინდელი შემცირების მთავარი მიზეზი სწორედ რეგიონში გაუარესებული პოლიტ-ეკონომიკური ვითარებაა", -აღნიშნა ბაირახტარმა.