აფხაზეთში შიშველ ტურისტებს 73 დოლარით დააჯარიმებენ

აფხაზეთში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არასათანადო ფორმით გამოჩენისთვის ტურისტებს ჯარიმის გადახდა მოუწევთ. შესაბამისი ცვლილებები დე ფაქტო პარლამენტარებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მეორე და საბოლოო მოსმენით შეიტანეს.

კერძოდ, ქუჩებში, სკვერებში, პარკებში შიშველი ტანით ან საცურაო კოსტუმში გამოჩენისთვის ტურისტებს 6 ათასი რუბლის (დაახლოებით 73 დოლარი) ოდენობით ჯარიმა დაეკისრებათ.

„დამსვენებლებისა და ტურისტების დიდი რაოდენობით ყოფნა საგრძნობლად ავსებს აფხაზეთის ბიუჯეტს, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ეროვნული მენტალიტეტი, ახალგაზრდობის აღზრდა აფსუარას სულისკვეთებით. ბევრი ადამიანი, ვინც ჩვენთან დასასვენებლად არის ჩამოსული, თვლის, რომ რაკი კურორტზე არიან, გარეგნულ მხარეს ყურადღება არ უნდა მიაქციონ და თავს უფლებას აძლევენ, საცურაო კოსტუმებით იარონ არა მხოლოდ პლაჟებზე ან ცურვისთვის განკუთვნილ ადგილებში, არამედ საზოგადოებრივ ადგილებშიც. მაგალითად, მამაკაცები მხოლოდ შორტებით, ტანშიშველი დადიან. ეს ყველაფერი იწვევს არა მხოლოდ უფროსი თაობის, არამედ ახალგაზრდების აღშფოთებას, რადგან ჩვენს საზოგადოებაში არ არის მიღებული ასეთი ჩაცმულობა საჯარო ადგილებში,“ - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არასათანადო ფორმით გამოჩენა ტურისტების გარდა, ადგილობრივ მოსახლეობასაც ეკრძალება.

დე ფაქტო დეპუტატი, დაუთ ხუტაბა, რომელიც კანონპროექტის წარმდგენია, აცხადებს, რომ „რიგი საკურორტო ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, საჭიროა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატება, რომელიც სტუმრებსა და აფხაზეთის მცხოვრებლებს საზოგადოებრივ ადგილებში არასათანადოდ ჩაცმული სახით ყოფნას აუკრძალავს.”

კანონი 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდება, რომ აფხაზეთის ქალაქებს მიეცეთ დრო, ტურისტების დასჯის გამაფრთხილებელი სხვადასხვა საინფორმაციო სტენდი დაამზადონ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ