მცხეთა-მთიანეთის რეგონში 124 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

გასული ორი წლის განმავლობაში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 124 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონში სტუმრობისას, ადგილობრივ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელთაც ახალი პროექტი "ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის" გააცნო.

მისივე განმარტებით, ამჟამად 132 პროექტის განხორციელება მიმდინარეობს. "ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ გუდაურის განვითრებას, მის ტურისტულ პოტენციალს. პირველ რიგში გეტყვით, რომ წელს უკვე დამონტაჟდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, რაც სათხილამურო სეზონს ზრდის. ახლა ვაპირებთ მეორე ფაზის დაწყებას. მეორე ფაზა ითვალისწინებს სასრიალო გზების "გუდაური 1"-ისა და ,,სპორტული 2"-ის ნაწილის გათოვლიანებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარეობს ხელოვნური ტბის მშენებლობა, რაც, ბუნებრივია, უფრო მიმზიდველს გახდის გუდაურს და ტურისტებს ზაფხულშიც მოიზიდავს. გუდაურში შენდება აგრეთვე 2100-მეტრიანი 6-ადგილიანი სავარძლის ტიპის საბაგირო; გაფართოვდა და ქვებისაგან გაიწმინდა სათხილამურო გზები; ეწყობა ველოპარკი და მიმდინარეობს გზების მარკირება, აშენდა სნოუპარკი, კურორტს უფასო სარგებლობისთვის დაემატა ახალი WI-FI წერტილები და ა.შ. - ამ რეგიონს ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ.

წელს რამდენიმე სასტუმროს მშენებლობა დასრულდება. წელსვე იწყება "შერატონის" მშენებლობა. რაც შეეხება გზებს, ამას წარმატებულად მივყვებით. გეტყვით, რომ გასული 2 წელიწადში რეგიონში განხორციელდა 124 ინფრასტრუქტურული პროექტი. ამჟამად მიმდინარეობს 132 პროექტი. ამ პროექტების ჯამური ღირებულება გახლავთ წელს 56 მილიონი ლარი. ეს არის გზების რეაბილიტაციისა და მშენებლობის, ნაპირსამაგრი სამუშოების, წყალმომარაგებისა და გარე განათების პროექტები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, მთავრობის მეთაურმა რეგიონის სოფლების ელექტროფიცირებაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ პროექტ "შუქი ყველა სოფელს" ფარგლებში უშუქოდ მყოფი 10 სოფლის განათება მოხდა. "მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 10 სოფელში წლების განმავლობაში არ იყო ელექტროენერგია, სადაც ჩვენ, პირველად 20 წლის განმავლობაში, ელექტროენერგია შევიყვანეთ. ასევე მინდა ვისაუბრო ჰიდროელექტროსადგურებზე: ჩვენ რეგიონში სამი ჰესის გახსნა მოვახერხეთ, ესენია: "არაგვიჰესი", "ლარსიჰესი" და "ყაზბეგიჰესი". პროექტების მშენებლობის ეტაპზე 350 ადამიანი იყო დასაქმებული, რომელთა შორის აბსოლუტური უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა. ჰიდროელექტროსადგურების ჯამური საინვესტიციო ღირებულება 113 მილიონ დოლარს შეადგენდა", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერმა რეგიონში "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში შექმნილ საწარმოებზეც ისაუბრა და როგორც განმარტა, აღნიშნული პროგრამის საფუძველზე მცხეთა-მთიანეთში ოთხი საწარმო გაიხსნა, რომელთაც სახელმწიფოსგან გადაეცათ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობები და შენობა - ნაგებობები. მისივე თქმით, მოსალოდნელია რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია.

ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის სფეროზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რეგიონში 6 რაიონულ ცენტრს გადაეცა 12 ახალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა; გაიხსნა 7 ახალი ამბულატორია.