საქართველოს საერთაშორისო რეზერვების მოცულობა სასურველზე ნაკლებია - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ მესტვირიშვილმა რადიო „პალიტრასა" და „პალიტრანიუსის" გადაცემაში „საქმე" განაცხადა. თუმცა მისივე განმარტებით, რეზერვების განსაკუთრებულად სწრაფად შევსების საჭიროება ამ ეტაპზე არ დგას.
ცნობისათვის, 31 მაისის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვები 5,005 მლრდ დოლარია.
„როცა კურსის გამყარება ხდება სწრაფად და ზედმეტად, ამას შემდეგში მოჰყვება გაუფასურება, რაც ბუნებრივია, არასასურველია და საბოლოო ჯამში, ჩვენ გვაქვს ვალუტის გაზრდილი მერყეობა. ამას ჩვენ ჩვენი ინტერვენციებით ვანელებთ. გარდა ამისა, ჩვენი რეზერვების დონე არ შეესაბამება სასურველს და ეს საშუალებას გვაძლევს ასევე, რომ რეზერვების დონე შევივსოთ.
რეზერვების სასურველი დონე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი გვაქვს იმპორტი, ექსპორტი, მოკლევადიანი ვალი და ა.შ. აქედან კონკრეტული კოეფიციენტით ითვლება, რომელსაც თუ შევხედავთ, დაახლოებით ასე გამოიყურება 100%-150%-მდე. გასული წლის ბოლოს მონაცემებით, ჩვენ ვიყავით 107%-ზე. თუმცა, მას შემდეგ იმპორტი გაიზარდა და დღეს ვართ 100%-თან ახლოს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბაზარზე თანხას ვყიდულობდით, გასულ თვეს რეზერვების მოცულობა შემცირდა, რადგან რეზერვები გამოიყენება, მათ შორის მთავრობის ვალის გადახდისას. ასევე, ბუნებრივი გაზის შესყიდვისას, სახელმწიფო ორგანიზაციები ყიდულობენ ვალუტას ეროვნული ბანკიდან, რაც ასევე ახდენს გავლენას რეზერვებზე. იმის თქმა მინდა, გარდა იმისა, რომ ვყიდულობთ ვალუტას, ასევე ვაწვდით ამ ბაზარს სახელმწიფოს. გარდა ამისა, რეზერვების ნაწილი არის კომერციული ბანკების მოზიდულ თანხებზე სარეზერვო ნორმა. იმის თქმა მინდა, რომ გავლენას ბევრი ფაქტორი ახდენს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ადეკვატური მოცულობის რეზერვები გვქონდეს. როცა ბაზარი გვაძლევს საშუალებას მაშინ ვყიდულობთ ვალუტას. განსაკუთრებულად სწრაფად შევსების საჭიროება არ გვაქვს. ამიტომ, როცა არის შემოდინებები, ეს გვაძლევს საშუალებას, გამოვიყენოთ ეს პერიოდი და შევივსოთ რეზერვები", - ამბობს მესტვირიშვილი.
ინფორმაციისთვის, საქართველოს საერთაშორისო რეზერვები კვლავ მაღალ ნიშნულზეა, თუმცა ბოლო ერთ თვეში შემცირდა. კერძოდ აპრილში, 2023 წლის 30 აპრილისთვის მთლიანმა რეზერვებმა 5,133 მლრდ დოლარი შეადგინა, 31 მაისის მონაცემებით კი, 5, 005 მლრდ დოლარი. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი რეზერვები 1.1 მლრდ დოლარით არის გაზრდილი.