წლის დასაწყისიდან სტავროპოლის მხარის მწარმოებლებმა საქართველოში მზესუმზირის ზეთის ექსპორტი ხუთჯერ გაზარდეს. ამის შესახებ მხარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, სერგეი იზმალკოვმა Telegram-არხზე დაწერა.
ადგილობრვი მინისტრის ცნობით, „საქართველო მრავალი წელია, სტავროპოლის მხარის ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორია, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას განსაკუთრებით მოსწონს სტავროპოლის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები.“ იზმალკოვი საქართველოში ექსპორტირებული საქონლის ნუსხას ასახელებს, რომელშიც „ტრადიციულად შედის ზეთი და ცხიმპროდუქტები, მარცვლეული, მარცვლეულის მზა პროდუქტები, ხორცი და რძის პროდუქტები.“
მინისტრის ცნობით, „2023 წლის დასაწყისიდან სტავროპოლის ტერიტორიიდან საქართველოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,1-ჯერ მეტი მზესუმზირის ზეთი იქნა ექსპორტირებული.“
სერგეი იზმალკოვი წერს, რომ გასულ წელს ყველაზე დიდი ზრდა ხორბლისა და მესლინის ექსპორტში დაფიქსირდა. კერძოდ, ხორბალი და მესლინი 2021 წელთან შედარებით, 2022 წელს 14,8-ჯერ მეტი, ხოლო ხორბლის ფქვილი 2,8-ჯერ მეტი გავიდა ექსპორტზე.
მინისტრის შეფასებით, ეროვნული პროექტის, „საერთაშორისო კოოპერაცია და ექსპორტის“ ფარგლებში, სტავროპოლის მხარე ექსპორტის მოცულობას ყოველწლიურად ზრდის. პროექტის მთავარი ამოცანა ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობის ზრდაა.
რუსული ექსპორტის სტრუქტურაში სტავროპოლის მხარის წილი 15%-ია.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ