"საერთაშორისო გამჭვირვალობა": ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებულ კომპანიებში მომუშავე პირები სხვადასხვა თანამდებობებზე დაინიშნენ

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" კვლევის მიხედვით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებულ კომპანიებში მომუშავე პირები ან მათი ოჯახის წევრები ადგილობრივი თვითმმართველობებში სხვადასხვა თანამდებობებზე დაინიშნენ.

როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" კვლევაში ამტკიცებს სამგორის რაიონის გამგეობის ტერიტორიული ერთეულის-ლილოს უბნის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გოდერძი თოდაძე, შპს "ელიტა ბურჯის" მარკეტინგის მენეჯერი იყო. იმავე კომპანიაში მუშაობდა მისი მეუღლეც.

კვლევის მიხედვით "ბანკი ქართუს" ფილიალის დირექტორი იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უკვე ყოფილი მინისტრი ავთანდილ ძაგანია კი 2013 წლის დეკლარაციის მიხედვით "ელიტა ბურჯის" ბიზნეს განვითარების მენეჯერად მუშაობდა.

არასამთავრობო ორგანიზაციის მიხედვით საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ნადირაძე "ბანკ ქართუში" და ასოციაცია "ატუში" მოლარედ მუშაობდა. უკვე ყოფილი გამგებელი ივანე გოშაძე კი ასოციაცია "ატუს" ოსტატი იყო. შპს "ელიტა ბურჯის" საპროექტო სამსახურის ყოფილი არქიტექტორი ბენიამენ ფალავანდიშვილი საჩხერის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის და ზედამხედველობის სამსახურის უფროსია.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქარტველოს" ინფორმაციით ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებულ კომპანიებში მომუშავე პირები ან მათი ოჯახის წევრები მარნეულის, ზესტაფონის და სხვა მუნიციპალიტეტებში მუშაობენ.  "2013 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი პაატა აბრამიშვილი შპს "ელიტა ბურჯის" მძღოლი იყო. 2013 წლის ნოემბერში შევსებული დეკლარაციის მიხედვით კი მარნეულის გამგებელი უკვე მერაბ თოფჩიშვილია. "ბანკი ქართუს" ქუთაისის ფილიალის დირექტორი ტარიელ თუთარაშვილი 2013 წელს ზესტაფონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, 2014 წელს კი გამგებელი გახდა. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კომისიის თავმჯდომარე იოსებ ვანიშვილი "ბანკი ქართუს" სამეურნეო განყოფილების სპეციალისტი იყო. სამტრედიაში ფრაქცია "ქართული ოცნება მაჟორიტარების" თავმჯდომარე პაატა კოხრეიძე სს "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" სამტრედიის მუნიციპალიტეტის კოორდინატორად მუშაობდა", -ნათქვამია კვლევაში.

"ივანიშვილის კომპანიები – თანამდებობის პირების სამჭედლო" – კვლევის მიხედვით, 2014 წელს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად ტელეკომპანია "მეცხრე არხის" ყოფილი დირექტორი კახა ბექაური დაინიშნა, მისი მეუღლე ეკა ბერიძეც იმავე მაუწყებელში წამყვანის პოზიციას იკავებდა. ასევე, მიმდინარე წელს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ახალ წევრად პარლამენტმა გიორგი ფრუიძე აირჩია, მისი მეუღლე ნათია ლაზაშვილიც "მეცხრე არხის" წამყვანი იყო და დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში მუშაობს.