აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ყაზახეთის ტურისტულ გამოფენა "KITF-2015"-ში მონაწილეობს

22-24 აპრილს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ყაზახეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა KITF-2015-ში ღებულობს მონაწილეობას.

ცენტრალური აზიის ყველაზე მსხვილ ტურისტულ გამოფენაზე დეპარტამენტის წარმომადგენელი სამი დღის მანძილზე გაუწევს პოპულარიზაციას რეგიონის ტურისტულ პოტენციალს. აჭარის სტენდი სარეკლამო-საინფორმაციო მასალებით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდშია წარმოდგენილი და ვიზიტორებისა და დაინტერესებული ტუროპერატორების სიმრავლით გამოირჩევა.

ყაზახეთში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებას ახორციელებს. აპრილის თვიდან, სხვა სამიზნე ქვეყნების მსგავსად, ყაზახეთის რეპუბლიკის დიდ ქალაქებში (ალმაატა და ასტანა) აჭარა-ბათუმის სარეკლამო ბილბორდებია განთავსებული. მაისის თვეში დაგეგმილია საინფორმაციო ტური ყაზახეთის მედიის წარმომადგენლებისათვის.

ყაზახეთი აჭარაში განსაკუთრებულად მზარდი სტატისტიკური მაჩვენებლით გამოირჩევა. რეგიონის განთავსების ობიექტებში 2014 წელს 2013 წელთან შედარებით ყაზახი ტურისტების რაოდენობა 106%-ითაა გაზრდილი.