ევროკავშირის ქვეყნებმა მიგრაციაზე "ისტორიულ" შეთანხმებას მიაღწიეს

ევროკავშირის მინისტრები შეთანხმდნენ, თუ როგორ უნდა გაიზიარონ პასუხისმგებლობა მიგრანტებისა და ლტოლვილებზე. 12-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ იტალიამ და საბერძნეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ათწლეულის განმავლობაში განიხილებოდა.

ბლოკის 27 წევრი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრები იმედოვნებენ, რომ ეს დაასრულებს განხეთქილებას, რომელიც დაიწყო 2015 წლიდან, როდესაც მილიონზე მეტმა ადამიანმა - ძირითადად, სირიის ომს გაქცეულებმა - შეაღწია ევროკავშირში ხმელთაშუა ზღვის გავლით.

შეთანხმებას "ისტორიულს" უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ ის შექმნის მომგებიან სიტუაციას ყველა წევრი სახელმწიფოსთვის.

სწორედ ნახსენები განხეთქილების გამო, ევროკავშირის ქვეყნები სულ უფრო ნაკლებ მიგრანტს უშვებდნენ თავიანთ საზღვრებში. მაგალითად, გაეროს მონაცემებით, ნახევარი მილიონიდან მხოლოდ 160,000-მდე ადამიანი შევიდა გასულ წელს ევროკავშირში ზღვის გავლით. 2,500-მდე ადამიანი კი გარდაიცვალა ან ამ დრომდე იძებნება.

ევროპის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე ქვეყნები, მათ შორის, იტალია და საბერძნეთი, დიდი ხანია, ითხოვენ მეტ დახმარებას, რათა გაუმკლავდნენ მათ ნაპირებზე ჩამოსული ხალხის რაოდენობას.

აღმოსავლეთ ევროკავშირის ქვეყნებმა კი, როგორებიცაა პოლონეთი და უნგრეთი, საერთოდ უარი თქვეს ვინმეს მასპინძლობაზე, ძირითადად, მუსლიმური ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან. ამავდროულად, მემარჯვენე და პოპულისტური პარტიები მთელ ბლოკში აძლიერებენ დებატებს ანტიიმიგრაციული რიტორიკით.

იტალიამ და საბერძნეთმა შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა და მისაღები მიგრანტების რაოდენობის შემცირება, ასევე ევროკავშირის გარეთ ქვეყნებში მიგრანტთა უკან დაბრუნების წესების შემსუბუქება მოითხოვეს.

ცვლილების თანახმად, რომელიც 2024 წლის არჩევნებამდე მიიღებს საბოლოო სახეს, თითოეული ქვეყანა პასუხისმგებელი იქნება მიგრანტთა გარკვეულ რაოდენობაზე, თუმცა მათი ქვეყანაში შეშვება არ იქნება სავალდებულო.

ის ქვეყნები, რომლებიც უარს იტყვიან არალეგალური მიგრანტების და ლტოლვილების მიღებაზე, შეეძლებათ მათ მასპინძლებს თანხით, ერთ ადამიანზე 20,000 ევროთი ან აღჭურვილობითა და პერსონალით დაეხმარონ.

შეთანხმება დანერგავს ახალ, დაჩქარებულ სასაზღვრო პროცედურას მათთვის, ვინც ნაკლებად სავარაუდოა, რომ თავშესაფარს მიიღებს.

აღსანიშნია, რომ პოლონეთი და უნგრეთი ცვლილებებს ეწინააღმდეგებოდნენ და განაცხადეს, რომ ბლოკის ეროვნული ლიდერები ამ საკითხს მომდევნო შეხვედრისას უნდა დაუბრუნდნენ.

კახი ჩაკვეტაძე