დასაქმება არის ისტორიულ მაქსიმუმზე, უმუშევრობა კი ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 5 ივნისს განაცხადა.
რა წილი აქვთ შემცირებულ უმუშევრობაში მიგრანტებს, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოში შემოვიდნენ და ინდ. მეწარმეებად დარეგისტრირდნენ, ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე დაინტერესდა.
სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს დამოუკიდებელმა დეპუტატმა 2 კითხვით მიმართა:
სადეპუტატო კითხვის პასუხად უწყება ამბობს, რომ პირი ითვლება დასაქმებულად იმის მიუხედავად, არის თუ არა ის რეგისტრირებული ინდ. მეწარმედ. ამასთან, პირის ინდ. მეწარმედ რეგისტრაცია არ განაპირობებს დასაქმებულად მისი ავტომატურად ჩათვლის წინაპირობას.
„რეკომენდაციის მიხედვით, პირი ითვლება დასაქმებულად თუ გამოსაკვლევი პერიოდის (გამოკითხვის მომენტიდან წინა 7 დღე) განმავლობაში მუშაობდა სულ მცირე ერთი საათით, შრომის ანაზღაურების ან მოგების მიღების მიზნით, ან დროებით არ იმყოფებოდა სამუშაოზე შვებულების, ავადმყოფობის, ტექნიკური, ეკონომიკური ან სხვა მსგავსი მიზეზების გამო. სამუშაოზე დროებით არყოფნაში იგულისხმება, რომ პირს ჰქონდა აღნიშნული სამუშაო (ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას), თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო დროებით არ იმყოფებოდა სამუშაოზე.
ზემოთ აღნიშნული კრიტერიუმის მიხედვით, პირი ითვლება დასაქმებულად იმის მიუხედავად, არის თუ არა ის რეგისტრირებული ინდ. მეწარმედ. ამასთან, პირის ინდ. მეწარმედ რეგისტრაცია არ განაპირობებს დასაქმებულად მისი ავტომატურად ჩათვლის წინაპირობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უცხო ქვეყნის ის მოქალაქე, რომელიც მუდმივად ცხოვრობს და დარეგისტრირებულია ინდ. მეწარმედ საქართველოში, დასაქმებულად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოსაკვლევი პერიოდის (გამოკითხვის მომენტიდან წინა 7 დღე) განმავლობაში მუშაობდა სულ მცირე ერთი საათით, შრომის ანაზღაურების ან მოგების მიღების მიზნით, ან დროებით არ იმყოფებოდა სამუშაოზე ზემოთ ხსენებული მიზეზების გამო“, - წერია უწყების პასუხში.
შეგახსენებთ, 2023 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18.0 პროცენტი შეადგინა.
იხილეთ ასევე: ომის დაწყების შემდეგ საქართველოში ინდ. მეწარმედ რუსეთის 18 822 მოქალაქე დარეგისტრირდა - რომან გოცირიძე