სანქციების გამო რუსმა მილიარდერებმა ინვესტიციები რუსეთის ბაზარზე გადაიტანეს - Bloomberg

რუსი მილიარდერები სანქციების პირობებში დივიდენდებიდან შემოსავლის მიღებას განაგრძობენ. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

სააგენტოს ცნობით, ნავთობის, ნიკელისა და მინერალური მრეწველობის ხუთმა ბიზნესმენმა 2022 წლიდან თავისი კომპანიებისგან დაახლოებით 10 მლრდ დოლარი მიიღო. თუმცა, სანქციების გამო, მათ თავიანთი ინვესტიციები რუსეთის ბაზარზე გადაიტანეს.

„დასავლეთის სანქციებმა არსებითად დაუკეტა კარი რუს მილიარდერებს და კიდევ უფრო დააახლოვა ისინი კრემლთან. ეს ზრდის რუსეთის კონტროლს მათზე და აიძულებს, მხარი დაუჭირონ პუტინს და ინვესტირება რუსულ ბიზნესში მოახდინონ“, - განაცხადა ლიანა სემჩუკმა, ანალიტიკოსმა ბრიტანული საკონსულტაციო ფირმა Sibylline-დან.

იმ მილიარდერებს შორის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან რუსულ კომპანიებში ინვესტიციებით, Bloomberg-ი ასახელებს LUKOIL-ის დამფუძნებელს ვაგიტ ალეკპეროვს. მაისის ბოლოს სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალეკპეროვი აპირებს Yandex-ის 51%-იანი წილის შეძენას 7-7,5 მილიარდ დოლარად. Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ თუ გარიგება წარმატებული იქნება, ეს ინვესტიცია იქნება ყველაზე დიდი ინვესტიცია ნავთობის ინდუსტრიის გარეთ.

ენერგეტიკული ინდუსტრიის მილიარდერები, როგორებიც არიან ვაგიტ ალეკპეროვი, ლეონიდ მიხელსონი და გენადი ტიმჩენკო, ომის დაწყების შემდეგ ფულს ენერგორესურსების ფასების გაზრდით შოულობენ. 2022 წლის ბოლოს ნოვატეკმა მთლიანი დივიდენდები 1270 დოლარის ოდენობით გადაიხადა. გადახდების მთლიანმა მოცულობამ 320,54 მილიარდი რუბლი შეადგინა. მაისის ბოლოს, PhosAgro-ს დირექტორთა საბჭომ რეკომენდაცია გაუწია შუალედური დივიდენდის გადახდას 3 დოლარის ოდენობით თითო აქციაზე.

ვაგიტ ალეკპეროვს სანქციები გაერთიანებულმა სამეფომ და ავსტრალიამ 2022 წლის აპრილის დასაწყისში დაუწესეს. ამის შემდეგ მან ნაადრევად დატოვა LUKOIL-ის ხელმძღვანელისა და ნავთობკომპანიის დირექტორთა საბჭო. იმავე თვეში კანადამ და დიდმა ბრიტანეთმა სანქციების სიაში დაამატეს ლეონიდ მიხელსონი.

ვლადიმერ პოტანინი გაერთიანებული სამეფოს შავ სიაში 2022 წლის ივნისში მოხვდა. გენადი ტიმჩენკო აშშ-ის სანქციების ქვეშ 2014 წლიდან იმყოფება, თუმცა ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ ის 2022 წლის თებერვალში მოექცა.

ეკა დარჩიაშვილი