რესტორან „რეტროს“ დასაქმებულების უფლებებს პროფკავშირების გაერთიანება დაიცავს

ბათუმში, რესტორან “რეტროში” მომხდარი ძალადობის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, პროფკავშირების გაერთიანებამ დასაქმებულებს დახმარება შესთავაზა, - ამის შესახებ ინფორმაციას პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლები ბათუმში ჩავიდნენ და დასაქმებულებთან შესაბამისი კონსულტაციების შემდეგ, შემდგომი სამართლებრივი ნაბიჯები დაიგეგმა.

„პროფკავშირების გაერთიანება რეტროს დასაქმებულთა ინტერესებს დაიცავს, როგორც საგამოძიებო ორგანოებში, ისე, შრომის ინსპექციასა და სასამართლოში. დასაქმებულები პროფკავშირების დახმარებით, სარჩელით მიმართავენ სასამართლოს არასათანადო სამუშაო პირობებისა და შევიწროების ფაქტების დასადგენად, აგრეთვე, მორალური ზიანის დასაკისრებლად. ამასთან, დასაქმებულები მოწმისა და დაზარალებულის სტატუსით ადვოკატთან ერთად გამომძიებელს ჩვენებას ხელახლა მისცემენ.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ცალსახად იკვეთება რესტორნის მფლობელის მხრიდან თანამშრომლების მიმართ ძალადობა, რაც დაუშვებელია. მსგავსი ტიპის დამსაქმებელმა სათანადო პასუხი უნდა აგოს საკუთარი დასაქმებულებისა და კანონის წინაშე. პროფკავშირების გაერთიანება მუდამ მზად არის, დასაქმებული ადამიანების უფლებების დაცვისა და გაძლიერებისთვის“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.