მსოფლიოში სპილენძის ფასი იკლებს

მსოფლიოში სპილენძის ფასები იკლებს. ნედლეულის ფასები წელს ივნისის დასაწყისში 6-თვიან მინიმუმამდე შემცირდა, რაც გერმანიის ეკონომიკის რეცესიაში შესვლამ და მაისში ჩინეთში საწარმოო აქტივობის შეკუმშვამ განაპირობა.

ბოლო პერიოდში ბაზარზე პესიმისტური განწყობა იმატებს, თუმცა, ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ეს მხოლოდ დროებითია და მალე სპილენძზე დიდი მოთხოვნა გაჩნდება.

ამჟამად, სპილენძის ფასი ტონაზე 8,300 დოლარზეა ჩამოსული, თუმცა მომდევნო 1 წლის განმავლობაში ღირებულებამ შესაძლოა 15,000 დოლარსაც კი მიაღწიოს.

მოთხოვნის ზრდის მოლოდინის მიზეზი კი ენერგოტრანზიციაა. Citigroup-ის თანახმად, ინვესტორები სპილენძს მასშტაბურად შეისყიდიან მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ელექტრო მანქანებისა და განახლებადი ენერგიის მოხმარების ზრდის გამო.

სპილენძის მსხვილი მომხმარებლები მანქანების დამამზადებელი კომპანიები და ელექტროენერგიის გადამცემი ოპერატორები არიან.

ცნობისთვის, ნედლეულის ფასმა 2022 წელს რეკორდულ მაჩვენებელს, ტონაზე 11,000 დოლარს მიაღწია, რაც პოსპანდემიურმა პერიოდმა და ომის შედეგად გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა.

კახი ჩაკვეტაძე