საქართველოში კახეთის ადგილობრივი ჯიშის მარწყვის მოსავლის აღება უკვე დასრულდა. ბაზარზე მხოლოდ ღია გრუნტისა და სათბურის ჯიშებია დარჩენილი. ადგილობრივი ჯიშის მარწყვის დასრულების შემდეგ კი, ხილის საშუალო საბითუმო ფასი 20%-ით გაიზარდა.
მარწყვის საშუალო საბითუმო ფასი ამ კვირაში 1 კილოგრამზე 6 ლარი იყო, მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ხილის ღირებულება 5 ლარს არ აღემატებოდა.
როგორც საქართველოს სათბურის მარწყვის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა, გიორგი თავაძემ EastFruit-თან საუბარში განაცხადა, მარწყვზე მოთხოვნა კვლავაც მაღალი რჩება. მისი თქმით, მათი პროდუქცია ძირითადად საკონდიტრო ქარხნებში იყიდება, რომლებიც მზად არიან, დაუხარისხებელ 1 კილოგრამ მარწყვში 8 ლარი გადაიხადონ. მან ასევე აღნიშნა, რომ კონდიტერები ადგილობრივ მარწყვს ანიჭებენ უპირატესობას, რადგან იმპორტირებულისგან განსხვავებით, მას არ სჭირდება ტრანსპორტირება, ეს კი შედარებით ხარისხიანი პროდუქციის მიღების ერთ-ერთი საშუალებაა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2023 წლის მაისში საქართველომ თურქეთიდან 812 ტონა მარწყვი შემოიტანა, რაც 2022 წლის მაისთან შედარებით 17%-ით ნაკლებია.