ზურაბ აზარაშვილმა რუსთავში, დევნილი ოჯახებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, რუსთავში, დევნილთათვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. საცხოვრებელ კომპლექსში ახალი ბინა 800 ოჯახს გადაეცემა, პროექტის ბიუჯეტი კი 80 მილიონ ლარზე მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამშენებლო სამუშაოები 2023 წლის ივნისში დაიწყო და 2025 წელს დასრულდება. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სამუშაოები 50000 კვ/მ ფართის მშენებლობას მოიცავს, შედეგად, კახეთსა და ქვემო ქართლში, დევნილთა კომპაქტური დასახლებების საკითხი სრულად გადაწყდება.

„მინისტრთან ერთად, სამშენებლო სამუშაოები მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ირაკლი მხეიძემ დაათვალიერეს.

დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს 5 ქალაქში, მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს - თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში, დევნილი ოჯახებისთვის, საცხოვრებელი კომპლექსები შენდება.

პროექტის ფარგლებში, 2025 წლის ბოლომდე, 7000-ზე მეტ ოჯახს ახალი ბინა გადაეცემა, ხოლო 6000 ოჯახს, „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი პირობები დაუკმაყოფილდება. ჯამში, საცხოვრებელ;ი ფართი 13 000 ოჯახს გადაეცემა. აღნიშნული პროექტისთვის, 900 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.