გიორგი კვირიკაშვილმა ბერლინში გამართულ ფორუმზე საქართველოს შესაძლებლობებზე ისაუბრა

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გერმანიის დედაქალაქში დაგეგმილ ბერლინის რიგით მესამე აღმოსავლეთ ფორუმში (EAST FORUM BERLIN) მიიღო მონაწილეობა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ვიცე-პრემიერმა სადისკუსიო პანელში ისაუბრა საქართველოს საინვესტიციო გარემოზე და ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის მზარდ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს. ფორუმს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძეც ესწრებოდა.

"გერმანიის ბიზნეს-ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა ფორუმი მსხვილი გერმანული ბიზნეს-კომპანიების მონაწილეობით, სადაც საუბარი გვქონდა ევრაზიის რეგიონში არსებულ პერსპექტივებზე და სტაბილურობის ძალიან დიდ მნიშვნელობაზე ბიზნესის განვითარებისთვის. ხაზგასმით იყო აღნიშნული უკრაინაში არსებული სიტუაციის დეესკალაციის ძალიან დიდი მნიშვნელობა იმისთვის, რომ პერსპექტივა ბიზნესებისთვის იყოს სტაბილური და პოზიტიური. ფორუმს ესწრებოდა აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყნის წარმომადგენელი. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საქართველოს შესაძლებლობებზე, იმაზე, რომ ჩვენთვის ევროკავშირი ხდება სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი. მიუხედავად არსებული სიტუაციისა, იზრდება ევროკავშირში ექსპორტი და ეს ძალიან სასიხარულოა, მაგრამ ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზეც, რომლებიც რეგიონში არსებობს. საქართველო, როგორც საიმედო პარტნიორი, სთავაზობს საკუთარ შესაძლებლობებს ყველა იმ ინვესტორს, რომელიც დაინტერესებული იქნება რეგიონში ინვესტიციების განხორციელებით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

სამინისტროს ცნობით, EAST FORUM BERLIN 2015 წელს უკვე მესამედ იმართება. "ბერლინის აღმოსავლეთის ფორუმი წარმოადგენს დიალოგის პლატფორმას აღმოსავლეთის ევროპული ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს, UniCredit-სა და METRO GROUP - ის შორის. ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ყოველწლიურად იკრიბებიან აღმოსავლეთისა და დასავლეთის, მსოფლიოს მაღალი რანგის ლიდერები პოლიტიკისა და ბიზნესის სფეროდან", - განმარტავენ სამინისტროში.