ქართული ღვინის მწარმოებლებმა საკუთარი პროდუქცია კორეაში წარადგინეს

ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა საკუთარი პროდუქცია წარედგინათ აზიის ერთ-ერთ პერსპექტიულ ბაზარზე კორეის რესპუბლიკაში.

ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-13 საერთაშორისო გამოფენა Seoul Interenational Wines and Spirits Expo 2015, 23 აპრილს ქალაქ სეულში გაიხსნა და 25 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

გამოფენა თავისი მასშტაბებით ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სფეროსთან დაკავშირებული ერთ-ერთი უდიდესი, ყოველწლიური ღონისძიებაა მთელ აზიის რეგიონში. გამოფენაში მონაწილეობს ქართული ღვინისა და ალკოჰლური სასმელების შვიდი კომპანია: "თელავის ღვინის მარანი", "მეღვინეობა ხარება", "კახური ღვინის მარანი","კახური", "სარაჯიშვილი", "შუმი" და "არმაზი ვაინსი".

როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, კორეის რესპუბლიკისა და რეგიონის სხვა ქვეყნების ბაზრებით დაინტერესებული კომპანიებისათვის, გამოფენაში მონაწილეობა იქნება იმპორტიორებთან და დისრტიბუტორებთან კონტაქტის დამყარების საუკეთესო შესაძლებლობა.