პოლონეთის ქალაქ ლოძიში მდგარი მუხა, სახელად „ფაბრიკანტი,“ 2023 წლის ევროპის საუკეთესო ხე გახდა. 180-წლოვანი ხის გამარჯვებას ხმა, თითქმის, 46 ათასმა ადამიანმა მისცა. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.
მუხა ლოძის პარკის მთავარ ხეივანში იზრდება, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოს შეიქმნა და ქალაქის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს. ხის ერთ-ერთი ტოტი S- -ის ფორმისაა, რომლის სიგრძეც 20 მეტრს აღემატება. 33-მეტრიანი გვირგვინოსანი მუხის ქვეშ სტუდენტები მუდამ იკრიბებიან.
მეორე ადგილი სლოვაკეთის მუხა „დრაკონს“ ერგო. მას ხმა 18 ათასმა ადამიანმა მისცა. ხე თავისი კონტურით მჯდომარე დრაკონს წააგავს. ლეგენდის თანახმად, დაახლოებით, 700 წლის განმავლობაში მუხა ადგილობრივ მოსახლეობას დამპყრობლებისგან იცავდა.
მესამე ადგილი 14 ათასი ხმით უკრაინის სუმის ოლქის ქალაქ კროლევეცში მდგარი ვაშლის ხეების კოლონიამ დაიკავა. ვაშლის ხეს მიწამდე ჩაზრდილი 15 ტოტი აქვს, რომლებსაც დამოუკიდებლად დაფესვიანება შეუძლიათ. კერძოდ, თუ ერთ-ერთი ტოტი ხმება, მეორე მიწაზე იხრება და ფესვს იდგამს, რისი წყალობითაც ვაშლის ხე სიცოცხლეს იხანგრძლივებს.
„ევროპის წლის ხე“ ყოველწლიური კონკურსია და 2011 წლიდან იმართება, რომ ევროპის ბუნებრივ და კულტურულ მემკვიდრეობაში ძველი ხეების მნიშვნელობა წარმოაჩინოს.
გასულ წელსაც პოლონურმა მუხა „დუნინმა“ გაიმარჯვა, რომელიც ბელოვეჟის ტევრში იზრდება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ