"სითი პარკის" შესახებ დასკვნას მერია მალავს

ოგბაიძე: "ვითხოვთ, რომ დასკვნის ნაწილი მაინც გახდეს საჯარო, თუმცა, სიმართლე გითხრათ, იმედი უკვე აღარ მაქვს"

"ახალგაზრდა ადვოკატები" თბილისის მერიას დაპირების შესრულებასა და "სითი პარკთან" დადებული ხელშეკრულების გადახედვას სთხოვენ. "რეზონანსი" უკვე წერდა, რომ 2014 წლის ბოლოს თბილისის მერიამ "სითი პარკის" ხელშეკრულების შესაფასებლად ცნობილი აუდიტორული კომპანია "ერნსტ ენდიანგი" დაიქირავა. ახლა მუშაობა უკვე დასრულდა, მაგრამ დიდი ინტერესის მიუხედავად, საზოგადოებისთვის დასკვნის შინაარსი უცნობია.

"ახალგაზრდა ადვოკატები" თბილისის მერიას "სითი პარკთან" დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი ექსპერტიზის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენას სთხოვენ. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მერიამ მკაფიოდ უნდა დაადასტუროს, მუშავდება თუ არა ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებების პროექტი.

"თბილისის მერიასა და კომპანია "სითი პარკს" შორის 2007 წლის 7 დეკემბერს დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, უნდა დაიწყოს მსჯელობა არსებული კაბალური პირობების გაუქმების თაობაზე. მეორე მხრივ კი, უნდა დაჩქარდეს გამოძიება და დადგეს სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი იმ პირთა მიმართ, ვინც, თავის დროზე კომპანიასთან ხელშეკრულების კაბალურ პირობებს დაეთანხმა და "სითი პარკს" ბუნებრივი მონოპოლისტის ფუნქცია მიანიჭა", - ამბობს "ახალგაზრდა ადვოკატების" იურისტი ჯაბა სირაბიძე.

ორგანიზაციის იურისტების აზრით, მოცემულ ეტაპზე დისკუსია უნდა გაიმართოს ხელშეკრულების მე-12 მუხლთან დაკავშირებით, რომელიც ხელშეკრულების ვადამდე ადრე შეწყვეტის შედეგებს ეხება. ორგანიზაციის მიმართ თბილისის მერიის 2015 წლის 7 აპრილის წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ თბილისის მთავრობასა და "სითი პარკს" შორის 2007 წლის 7 დეკემბერს გაფორმებულ ხელშეკრულებაში 2009 წლის 23 ივლისს შესული ცვლილებების შედეგად, საქმიანობის პირველ წელს, მეიჯარის მიერ მისაღები მინიმალური შემოსავლის 1 000 000 ლარის გადახდა განისაზღვრა შემდეგი გრაფიკით: 50 000 ლარი (31 მარტი, 2009), 50 000 ლარი (30 აპრილი, 2009) და 900 000 ლარი (30 დეკემბერი, 2019).

თბილისის მთავრობის 2011 წლის 28 მარტის დადგენილებით, ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებაში შევიდა მესამე ცვლილება და ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2024 წლის 31 დეკემბერი. თუ ხელშეკრულების შეწყვეტა განხორციელდება ხელშეკრულების დაწყებიდან 4 წლის შემდეგ, მეიჯარე ვალდებულია, მოიჯარეს აუნაზღაუროს შეწყვეტის ხარჯი, რომელიც ტოლია გასული 12 თვის განმავლობაში მეიჯარის მომსახურებიდან მიღებული საშუალო თვიური შემოსავალი გაყოფილი 2-ზე (ორზე) და გამრავლებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან მისი ვადის ბოლომდე დარჩენილი თვეების რაოდენობაზე.

"ხელშეკრულება, რომელიც წინა მთავრობის მმართველობის პერიოდშია დადებული, შეიცავს სხვადასხვა კაბალურ პირობას, რასაც მოცემულ ეტაპზე, ყველაზე მეტად მოქალაქეების ინტერესები ეწირება. მნიშვნელოვანია კვლევა, თუ რა ფარული გარიგებები შეიძლება ყოფილიყო დედაქალაქის მერიასა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის. საკამათოა კომპანიის მხრიდან მძღოლების დაჯარიმების ფაქტების სამართლიანობაც. 2013 წლის 22 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ სადგომზე გადაყვანა და გაუქმდა საჯარიმო ქვითარი. მიზეზი გახლდათ ის, რომ მესაკუთრეს ადგებოდა ფინანსური ზარალი და კომპანია ამით იღებდა შემოსავალს", - განმარტავენ ორგანიზაციაში.

აღმოჩნდა, რომ "სითი პარკთან" დაკავშირებით ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფებიან საკრებულოს წევრებიც. დეპუტატი შალვა ოგბაიძე ამბობს, რომ აუდიტორული კომპანიის დასკვნის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ არ მიუღია. მან მერიაში გაგზავნა წერილი, სადაც ითხოვს, რომ დასკვნის ნაწილი მაინც გახდეს საჯარო."მეც თქვენი გაზეთის მკითხველებთან და თანამოქალაქეებთან ერთად ველოდები პასუხს. ჯერჯერობით არაფერი მიგვიღია. ჩვენ ვითხოვთ, რომ დასკვნის ნაწილი მაინც გახდეს საჯარო, თუმცა, სიმართლე გითხრათ, დიდი იმედი უკვე აღარ მაქვს", - ამბობს შალვა ოგბაიძე.

როგორც მერიაში "რეზონანსს" განუცხადეს, დასკვნის გამოქვეყნება იმიტომ იგვიანებს, რომ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს საქმეში გასარკვევად დრო სჭირდება.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"