პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა, „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტმა, „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა.

პრეზიდენტის ვეტოს განხილვის შემდეგ კენჭისყრა გაიმართა. პრეზიდენტის პოზიცია და მის მიერ გამოყენებული ვეტო მხოლოდ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა რომან გოცირიძემ და სანდრო რაქვიაშვილმა გაიზიარეს.

როგორც კენჭისყრის დაწყებამდე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ განაცხადა, გაუგებარია, პირველი ვიცე -პრეზიდენტის დამატების საჭიროება და ამით სათანადო ბალანსის დარღვევა აღმასრულებელ და არააღმასრულებელ წევრთა შორის.

მსხილაძემ დეპუტატებს ვეტოს დაძლევისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

„ვახტანგ მეგრელიშვილი მოგვიწოდებს, რომ ყველა კანონს ვეტო დავადოთ. უმრავლესობა გვეუბნება, რომ საბოტაჟს ვაწყობთ. პრეზიდენტი იმოქმედებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და პრეზიდენტი მოქმედებს კონსტიტუციური უფლებამოსილებიდან და მოვალეობიდან გამომდინარე. ორჯერ ვთქვი და ახლა მესამედ გავიმეორებ, პრეზიდენტს არ უგულისხმია, რომ დეკემბრამდე არ წარმოადგენს ეროვნული ბანკის წევრების კანდიდატებს, ის უახლოეს პერიოდში წარმოგიდენთ პარლამენტის წევრებს განსახილველად. რაც შეეხება ძირითად საკითხს, ეროვნული ბანკის საბჭო შედგება 9 წევრისგან. შემოთავაზებული ცვლილებებით, ამ 9 წევრიდან ერთი არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ერთი პირველი ვიცე - პრეზიდენტი, არის დამატებით სამი ვიცე-პრეზიდენტი. ამგვარი ვითარება დეკემბრამდე ნარჩუნდება, თუმცა ამ პერიოდშიც კი ეროვნული ბანკის 9 წევრიდან 5 წევრი აღმასრულებელი გამოდის, ხოლო 4 წევრი არააღმასრულებელი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს, უფლებამოსილების ვადა მარტის თვეში გაუვიდა და დღემდე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს ვიცე -პრეზიდენტი. ამრიგად, გაუგებარია, პირველი ვიცე -პრეზიდენტის დამატების საჭიროება და ამით სათანადო ბალანსის დარღვევა აღმასრულებელ და არააღმასრულებელ წევრთა შორის. შესაბამისად, მოტივირებული შენიშვნით გიბრუნებთ აღნიშნულ კანონპროექტს და მოგიწოდებთ, არ იყოს დაძლეული აღნიშნული ვეტო“, - განაცხადა გიორგი მსხილაძემ.