შოლცი აღმოსავლეთ გერმანიაში კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობას აღიარებს

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა აღიარა, რომ აღმოსავლეთ გერმანიაში კვალიფიციური მუშახელის დეფიციტი სერიოზული პრობლემაა და მოუწოდა ბიზნესს შეიქმნას ხელსაყრელი პირობები საზღვარგარეთიდან პერსონალის მოსაზიდად. ამის შესახებ მან აღმოსავლეთ გერმანიის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შოლცის აზრით, აუცილებელია გვესმოდეს, რომ უცხოელი კვალიფიციური მუშახელი გერმანიაში არა მხოლოდ საჭიროა, არამედ რეალურად მისასალმებელია. „გერმანიის მთავრობა მხარს უჭერს საწარმოებს კვალიფიციური კადრების მომზადებასა და გადამზადებაში. თუმცა, სიმართლე ისაა, რომ მხოლოდ ადგილობრივი მუშახელის დახმარებით ჩვენ ვერ შევძლებთ იმ უფსკრულის შევსებას, რაც განსაკუთრებით იგრძნობა აღმოსავლეთ გერმანიაში. როგორც დამსაქმებელს, თქვენ შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ "კოსმოპოლიტურ გერმანიაში" ადგილობრივ დონეზე. და სწორედ ამას გთხოვთ დღეს", - განაცხადა გერმანიის მთავრობის მეთაურმა.

კარგი ხელფასი, კანცლერის თქმით, ამ საკითხში გადამწყვეტი ფაქტორია. ”საშუალოდ, გერმანელები, რომლებიც ცხოვრობენ ქვეყნის აღმოსავლეთში, კვლავ იღებენ თვეში დაახლოებით 620 ევროთი ნაკლებს, ვიდრე დასავლეთ გერმანელები, ზოგიერთ ინდუსტრიაში კი 1000 ევროთი ნაკლებს”, - განაცხადა შოლცმა და დასძინა, რომ ”ეს უნდა შეიცვალოს”.

კანცლერმა აღნიშნა, რომ პერსონალის დეფიციტის აღმოსაფხვრელად, „გერმანიის მთავრობა აპირებს შექმნას, ალბათ, ყველაზე თანამედროვე საიმიგრაციო კანონი მსოფლიოში“. ამჟამად ბუნდესთაგი ამ საკითხზე დისკუსიას ამთავრებს - საბოლოო კენჭისყრა ივლისის დასაწყისშია დაგეგმილი. ამის შემდეგ კი გერმანიაში მუშებისა და კვალიფიციური სპეციალისტების ჩასვლის პროცესი მნიშვნელოვნად გამარტივდება.

კოკა კვირკველია