თურქულმა Denizbank-მა რუსი კლიენტების ანგარიშებიდან თანხა ჩამოწერა

თურქულმა ბანკმა, Denizbank-მა რუსებისთვის მათი ანგარიშებიდან ჩამოწერილი თანხის დაბრუნება ახსნა-განმარტების გარეშე დაიწყო. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ ბანკის რუსმა კლიენტებმა განუცხადეს.

ერთ-ერთის ცნობით, ანგარიშებზე თანხა დაუბრუნდა, „თუმცა ამ დროისთვის საბანკო აპლიკაციაში სადებეტო ბარათი არ უჩანს, რომელსაც ეს ანგარიშები უკავშირდება, ხოლო საჩივარზე ბანკი ჯერ არ პასუხობს.“ ანალოგიურ მდგომარეობაშია ბანკის, მინიმუმ, ხუთი მომხმარებელი. Denizbank-ის მხარდაჭერის სამსახურმა სააგენტოსთან კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. „რია ნოვოსტის“ ცნობით, რუსი მომხმარებლების უმეტესობა, ვისაც თანხები ჩამოეწერა, თურქეთის ფარგლებს გარეთ იმყოფება.

გასული კვირის დასაწყისში Denizbank-ის რამდენიმე რუსმა მომხმარებელმა Forbes-ს განუცხადა, რომ თანხა დაუსაბუთებლად ჩამოეწერა. იგივე პრობლემა Telegram-ში ბანკის რუსულენოვანი კლიენტების თემატური ჩატის მონაწილეებმაც დააფიქისრეს. Forbes-ის თანამოსაუბრეებსაც და ჩატის მონაწილეებსაც ანგარიშებზე მცირე თანხა, კერძოდ, 2000 ლირამდე (7000 რუბლამდე), ანუ 85 დოლარამდე ჰქონდათ და ზოგიერთ შემთხვევაში ფული ანგარიშიდან მთლიანად ჩამოეწერათ.

მეწარმე, რომელიც რუსებს თურქულ ბანკებში ანგარიშების გახსნაში ეხმარება, აცხადებს, რომ სამი ასეთი საჩივარი დააფიქსირა კლიენტებისგან, ვისაც Denizbank-ში ანგარიშები ჰქონდათ. მისი თქმით, თანხა Denizbank-ის რუსი მომხმარებლების არაუმეტეს 5%-ს ჩამოეწერა.

უკრაინის ომის დაწყებიდან და მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ Denizbank ანგარიშის გასახსნელად ერთ-ერთი პოპულარული ბანკი გახდა იმ რუსებისთვის, რომლებიც თურქეთში გაემგზავრნენ. ბანკი ამ მხრივ რუსებისადმი საკმაოდ ლოიალური იყო, კერძოდ, ანგარიშისთვის მათ მხოლოდ ანაბრის გახსნა მოეთხოვებოდათ. ამასთან, Denizbank ერთადერთი თურქული ბანკია, რომელმაც რუბლში ანგარიშის გახსნა და რუსებისთვის კონვერტაციაზე ფულის დაზოგვა შესაძლებელი გახადა.

თუმცა 2022 წლის ბოლოსთვის ბანკის რუს კლიენტებს შეზღუდვები შეექმნათ. კერძოდ, სხვა უცხოურ ანგარიშზე ვალუტის ონლაინ-გადარიცხვები აეკრძალათ. ბანკმა, ასევე, ანგარიშის გასახსნელად საჭირო ანაბრის მინიმალური ოდენობა გაზარდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ