ბიუჯეტის კორექტირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დაახლოებით ორი თვის შემდეგ იქნება მიღებული

ხელისუფლება ბიუჯეტის კორექტირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 1-2 თვის შემდეგ მიიღებს, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ველოდებოდით აპრილის ბოლოსთვის მონაცემებს. ჩვენ გვინდოდა, ერთობლივად გვემუშავა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მაგრამ იმის გამო, რომ ძალიან ურთიერთგამომრიცხავი მონაცემები გვაქვს, ჩვენ დაველოდებით ალბათ 2 თვეს და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ხადურმა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, დღეის მდგომარეობით საგადასახადო შემოსავლები შარშანდელ საგადასახადო შემოსავლებთან შედარებით დაახლოებით 15-16%-ით არის გაზრდილი. ბიუჯეტის კორექტირება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც საერთშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა საქართველოს მთავრობას ქვეყნის ეკონომიკური ზრდის 5-დან 2 პროცენტამდე შემცირების რეკომენდაციით მიმართეს.