ეროვნული ბანკი რუსეთიდან შემოსული შავი ფულის გასარეცხად უნდათ. ამისთვის სჭირდებათ მორჩილი, ყურმოჭრილი მონა, რომელიც ყველაფერს გააკეთებს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებას გავლენა ეროვნულ ბანკზე დღესაც აქვს, თუმცა, ახლა მასზე ტოტალური კონტროლის დამყარება სურს.
„პრეზიდენტი კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედებს. „ქართული ოცნება" დღესაც აკონტროლებს ეროვნულ ბანკს, მაგრამ ეს არ არის ტოტალური კონტროლი, ასე არ ხდება, რომ ღარიბაშვილი დაურეკავს და ყურს აუწევს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს. ახლა უნდათ ღარიბაშვილის და კობახიძის დარეკილზე, პარტიულ დიქტატს დაქვემდებარებული ეროვნული ბანკი. რატომ უნდათ ტოტალური კონტროლი? - იცით, რომ საფინანსო სანქციებს საქართველო მიერთებულია, საფინანსო სანქციებზე ეროვნულ ბანკს ჰქონდა ოდნავ განსხვავებული პოზიცია ხელისუფლებისგან და ახლა სურთ, ესეც არ ჰქონდეს. ეს სჭირდებათ, რომ რუსეთიდან შემოსული შავი ფულის გასარეცხად გამოიყენონ ეროვნული ბანკი, ამისთვის სჭირდებათ მორჩილი, ყურმოჭრილი მონა, რომელიც ყველაფერს გააკეთებს,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.
ინფორმაციისთვის, უმრავლესობის ინიციატივით მიღებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის - პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღება ხდება. ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს.
ზურაბიშვილი მოტივირებული შენიშვნების სახით პარლამენტს სთავაზობს, რომ კანონის მოქმედი რედაქცია უცვლელად შენარჩუნდეს, პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა არ იქნას შემოღებული, ხოლო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის დროს ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტის მიერ მისი მოვალეობის შესრულების საკითხი ეროვნული ბანკის საბჭომ გადაწყვიტოს.
პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტმა, „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა.