რეგიონებში შესაძლოა დენის ტარიფი გაიზარდოს

"ენერგო-პრო ჯორჯიამ" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ტარიფის კორექტირების თხოვნით მიმართა.

აღნიშნულთან დაკავშირებით პირველი სხდომა სემეკ-ში დღეს გაიმართება. "ენერგო-პრო ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, კომპანიას ელექტროენერგიის შესყიდვის საფასური გაუძვირდა. მათივე განცხადებით, იმდენად მოიმატა დენის ღირებულებამ, რომ უკანასკნელ თვეებში "ენერგო-პრო ჯორჯიამ" ყველა ფინანსური რესურსი გამოიყენა ამ მიმართულებით და ეს რესურსიც მთლიანად ამოიწურა.

"ამის გათვალისწინებით კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ტარიფის კორექტირების განცხადებით სემეკ-ს მიმართოს. "ენერგო-პრო ჯორჯიამ" ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას წარუდგინა ყველანაირი კალკულაცია და გათვლები, თუმცა ტარიფის გადახედვასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება სემეკ-მა უნდა მიიღოს", - აცხადებენ "ენეგო-პრო ჯორჯიაში".

სემეკ-ის მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღებას გარკვეული დრო ჭირდება და მოსალოდნელი არ არის, რომ დღევანდელ სხდომაზე მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილება.